პარლამენტმა 85 ხმით, ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით, „მეწარმეთა შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, ერთი წლით გახანგრძლივდება „მეწარმეთა შესახებ" კანონის კონკრეტული ნორმებით დადგენილი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც საწარმომ, თუ ის „მეწარმეთა შესახებ" კანონის ამოქმედებამდეა რეგისტრირებული, უნდა უზრუნველყოს თავისი სარეგისტრაციო მონაცემების იმავე კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, „მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონი 2022 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა და თავდაპირველად გათვალისწინებული იყო ორწლიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, კანონის მიღებამდე რეგისტრირებულ შესაბამის მეწარმე- სუბიექტებს უნდა მოეყვანათ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემები.
„უნდა აღინიშნოს, რომ ერთხელ უკვე მოხდა ამ გარდამავალი პერიოდის გადავადება და მიმდინარე რეგულირების პირობებში 2025 წლის პირველი აპრილია ის ბოლო თარიღი, როდესაც შესაბამის მეწარმე-სუბიექტებს უფლება ექნებათ საკუთარი სარეგისტრაციო მოთხოვნების „მეწარმეთა შესახებ" კანონის მოთხოვნებთან ჰარმონიზაცია მოახდინონ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ ძალიან მაღალია იმ სუბიექტების რიცხვი, რომელთაც არ მიუმართავთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის სათანადო განცხადებებით და ეს პროცესი დაწყებული არ არის - საუბარია დაახლოებით 280 000 სუბიექტზე, გთავაზობთ მოხდეს გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივება დამატებით ერთი წლის ვადით, 2026 წლის პირველ აპრილამდე", - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
უახლესი
3 საათის წინ
1 ევროს დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7865 ლარია