დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
30 წელი  წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში - ასოციაცია საავტორო უფლებების დაცვის ახალ ინიციატივას იწყებს

30 წელი  წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში - ასოციაცია საავტორო უფლებების დაცვის ახალ ინიციატივას იწყებს

18-03-2025 16:23:00

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია თითქმის 30 წლის წინ დაფუძნდა და ამ ხნის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას და პროექტს დაუდო საფუძველი. სწორედ ასოციაციის ძალისხმევით ჩატარდა საქართველოში პირველი „თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი“, მანვე საფუძველი ჩაუყარა სხვადასხვა თემატურ ღონისძიებას, რომლის მიზანიც წიგნის სექტორის ინტერესებისა და საავტორო უფლებების დაცვა, ასევე ბეჭდვის თავისუფლების მიმართულებით საქმიანობაა. 
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ასოციაციის დამსახურებაა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში ქართული ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაცია და ქართველი ავტორებისა და გამოცემების ცნობადობის გაზრდა მსოფლიო მასშტაბით. 
ასოციაცია 30 წლის იუბილეს ახალი მიზნებით ხვდება და კიდევ უფრო აქტიურად იწყებს მუშაობას ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა მცირე გამომცემლობებისა და რეგიონული ორგანიზაციების მხარდაჭერა, ახალგაზრდა ავტორების პოპულარიზაცია და მათი საქმიანობის ხელშეწყობა.
მცირე და საშუალო გამომცემლობების ინტერესების დასაცავად, ორგანიზაციამ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. მისი მიზანია მაქსიმალურად შეამციროს ის ზიანი, რომელიც გამომცემლებსა და ავტორებს წიგნების უკანონო ბეჭდვისა და რეალიზაციის შედეგად ადგებათ. 
დღეს მოქმედი კანონმდებლობით საავტორო უფლებების დარღვევისთვის გათვალისწინებულია როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მიუხედავად აღნიშნულისა, პრაქტიკაში არსებული გამოწვევები შეუძლებელს ხდის კანონმდებლობის სრულყოფილად აღსრულებას და მნიშვნელოვნად აფერხებს დამრღვევ პირთა მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებას. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას კანონმდებლობის დახვეწა და მისი აღსრულების ქმედითი მექანიზმების შემუშავება, რაც ასოციაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 
ინიციატივაზე აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა გამომცემლობები და ავტორები, რომელთა პროდუქცია შავ ბაზარზე უნებართვოდ იყიდება. ეს პრობლემა არა მხოლოდ გამომცემლობებს, არამედ მთარგმნელებსა და ავტორებსაც აზარალებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა, თუ რა რაოდენობის მასალა ბრუნავს შავ ბაზარზე, როგორც ადგილობრივად დამზადებული, ისე უცხოეთიდან შემოსული, და საერთო ჯამში რა ოდენობის ზარალი ადგება მთლიანად სექტორს. ახალი პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა სამუშაო შეხვედრა, ხოლო პროცესში ეტაპობრივად სხვადასხვა დაინტერესებული ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან, რათა საკანონმდებლო დონეზე მოხდეს შესაბამისი რეგულაციების ინიცირება. 
"ჩვენი ასოციაცია თითქმის 30 წლისაა და ამ დროის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივასა და პროექტს ჩავუყარეთ საფუძველი. მათ შორისაა: ეროვნული და საერთაშორისო წიგნის ბაზრობების ორგანიზება; ქართული გამომცემლობების ჩართულობა სხვადასხვა ლოკალურ და საერთაშორისო პროექტში; პროფესიული ღონისძიებებისა და ფესტივალების გამართვა და სხვა. წლებია განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ახალგაზრდა მწერლების პოპულარიზაციას და ზოგადად სექტორის განვითარებას. რაც მთავარია, პრიორიტეტულია გამომცემლობებისა და ავტორების უფლებების დაცვა. ჩვენი, როგორც სრულიად აპოლიტიკური ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ პატარა გამოცემებს, რათა არ მოხდეს მათი ჩაკარგვა, ან უბრალოდ გაქრობა მსხვილი კონკურენტების ფონზე. ასოციაციის მიერ, შავი ბაზრის შესახებ ინიცირებული პროექტის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ესაა. მიგვაჩნია, რომ ერთობლივი ძალისხმევით, საზოგადოებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების ჩართულობით შევძლებთ შედეგზე გასვლას და საბოლოო ჯამში წიგნის გამომცემლობების, გამავრცელებლების, მკითხველისა და ავტორების ინტერესებს დავიცავთ," – განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ლებანიძემ. 
გარდა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივისა, ასოციაცია სხვა პროექტებზეც მუშაობს. მცირე გამომცემლობებისთვის სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების სერიაც იგეგმება. სულ მალე წიგნის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ტრადიციულ მაისის წიგნის ფესტივალს, გაეცნონ ახალ გამოცემებს და შეხვდნენ ავტორებს. ასევე მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა თემატურ ვორქშოფებსა და სემინარებში.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები