Orange-სთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაძლევს შესაძლებლობას მომხმარებელს უახლესი ინოვაციური ტექნოლოგიები, პროდუქტები და მომსახურება შევთავაზოთ, - ამის შესახებ სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, სილქნეტი Orange-სთან ალიანსის ფარგლებში მომხმარებელს მალე ინდუსტრიის უახლეს მიღწევებს შესთავაზებს.
„მოხარული ვარ, რომ სილქნეტსა და ევროპულ სატელეკომუნიკაციო გიგანტ Orange-ს შორის ათ წელიწადზე მეტი ხნის მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა გადაიზარდა სტრატეგიულ ალიანსში, რომელიც აღნიშნავს ახალ ეტაპს სილქნეტის ციფრული ეკოსისტემის განვითარებაში. ეს სტრატეგიული პარტნიორობა გვაძლევს შესაძლებლობას შევთავაზოთ მომხმარებელს უახლესი ინოვაციური ტექნოლოგიები, პროდუქტები და მომსახურება. დარწმუნებული ვარ, რომ სილქნეტის სტრატეგიული ალიანსი ერთ-ერთ უმსხვილეს გლობალურ კონგლომერატთან, როგორიცაა Orange, შემოიტანს უმაღლეს ხარისხს და ინდუსტრიის უახლეს მიღწევებს, როგორც ქართულ, ასევე რეგიონულ სატელეკომუნიკაციო ბაზრებზე“. - განაცხადა გიორგი რამიშვილმა, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.
პარიზში, გლობალური ტელეკომუნიკაციების ლიდერ კომპანია Orange-ის ოფისში, Orange Alliance-ის პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა სილქნეტს და Orange-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს. სტრატეგიული თანამშრომლობა საშუალებას აძლევს სილქნეტს მეტად განავითაროს ფიზიკური და იურიდიული პირების სატელეკომუნიკაციო და ციფრული მომსახურება Orange-ის მრავალწლიანი გამოცდილების და ინოვაციური პლატფორმების დახმარებით.
პარტნიორობის ფარგლებში სილქნეტი მიიღებს წვდომას სატელეკომუნიკაციო და ციფრულ სექტორში Orange-ის მიერ დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებაზე, რომელიც უკვე ათწლეულებია ლიდერობს ინდუსტრიაში მსოფლიო მასშტაბით და ნერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიებს.
აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს იურიდიული პირებისთვის თანამედროვე ციფრულ მომსახურებებს (B2B ICT სერვისები) - ღრუბლოვანი მომსახურება, კიბერუსაფრთხოება, მართული მომსახურება (managed services) და ა.შ. - და დაეხმარება საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს.
Orange, როგორც სატელეკომუნიკაციო ბაზრების აღიარებული ლიდერი, აღმოუჩენს სილქნეტს სრულ საოპერაციო მხარდაჭერას, როგორც საკუთარი ცოდნის გაზიარების, ასევე, თავის სპეციალისტებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან დაკავშირების მეშვეობით, რაც აუცილებელია მძლავრი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გასავითარებლად. ფიზიკური პირების მომსახურების სფეროში Orange-ის სერვისების და პროდუქტების ფართო ასორტიმენტზე წვდომა, ასევე მოიცავს, მოწინავე ტექნოლოგიური პლატფორმების გამოყენებას, რაც სატელეკომუნიკაციო სივრცის შემდგომ განვითარებას ემსახურება.
სილქნეტი და Orange გააგრძელებენ თანამშრომლობას აღნიშნული პარტნიორობის კიდევ უფრო გაფართოების მიმართულებით სილქნეტის აბონენტებისთვის მომსახურების მუდმივი გაუმჯობესების მიზნით.
უახლესი