დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოპოზიცია ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთის ახლებურ დიფერენციაციას ითხოვს

ოპოზიცია ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთის ახლებურ დიფერენციაციას ითხოვს

06-09-2023 11:10:04

მიმდინარე კვირას, პარლამენტის ბიუროს სხდპმაზე საგადასახადო კოდექსში მორიგი ცვლილებების ინიციირება მოხდა. კანონპროექტის ავტორი ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძეა. 

კანონპროექტი პარლამენტის ვებგვერდზე უკვე განთავსებულია, საიდანაც ვიგებთ, რომ შესაბამის კომიტეტს ფიზიკური პირების ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების ზღვრის ზრდასა და დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთების დიფერენციაციის ცვლილებაზე მსჯელობა მოუწევს.

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტით დადგინდება უფრო მაღალი ზედა ზღვარი (60 000 ლარი ნაცვლად 40 000 ლარისა), რომლის ქვემოთ მიღებული შემოსავლები დაექვემდებარება მოცემული გადასახადისაგან გათავისუფლებას.

„წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში და ამავდროულად ამ მუხლს ემატება ახალი ,,გ“ ქვეპუნქტი. ცვლილების თანახმად, ახლებურად ჩამოყალიბდება ქონების გადასახადის დადგენის კრიტერიუმები და განაკვეთები, რომლის მიხედვითაც მოხდება ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე
გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირება გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
„ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, 150 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არაუმეტეს 0.1 პროცენტისა.

„ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, 150 000-დან 500 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.4 პროცენტისა და არაუმეტეს 0.6 პროცენტისა.
„გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, 500 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არაუმეტეს 1 პროცენტისა.
აქედან გამომდინარე, იცვლება მოქმედი რედაქციით არსებული 100 000 ლარამდე შემოსავლის ზღვარი და საგადასახადო განაკვეთი, რომელიც შეადგენდა არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა. ასევე, იცვლება 100 ლარის ან მეტი შემოსავლის ზღვარი და საგადასახადო განაკვეთი, რომელიც იყო არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა. 

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში. ცვლილების თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისგან თავისუფლდება ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 60 000 ლარს. შესაბამისად, ამჟამად მოქმედი 40 000 ლარიანი ზღვარი იზრდება 60 000 ლარამდე.

აღნიშნული კანონპროექტის მიზანია საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ფიზიკურ პირთა ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის პარამეტრების შესაბამისობაში მოყვანა ქვეყანაში არსებულ მაკროეკონომიკურ მდგომარეობასთან. 2004 წელს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შედეგად, განისაზღვრა ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთის დიფერენციაცია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით, ასევე დადგინდა ზედა ზღვარი (40 000 ლარი), რომლის ქვემოთ მიღებული შემოსავლები ექვემდებარება მოცემული გადასახადისაგან გათავისუფლებას. შემდეგი ცვლილება განხორციელდა 2010 წელს, რომლის თანახმად ახლებურად მოხდა გადასახადის განაკვეთების დიფერენციაცია, მაგრამ შემოსავლის ზედა ზღვარი დარჩა იგივე, რაც იყო 2004 წელს. აღნიშნულ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 2022 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი უკვე 10-ჯერ აღემატება 2004 წლისას, ხოლო 2.7-ჯერ 2010 წლის მაჩვენებელს. ამავე დროს, ფასების დონე (სამომხმარებლო ფასების ინდექსი) 2022 წელს გაზრდილია 167%-ით 2004 წელთან შედარებით, ხოლო 72%-ით 2010 წელთან შედარებით. გამომდინარე აქედან, აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ქონების გადასახადის მაქსიმალურ თანხვედრას ფიზიკური პირების შემოსავლების მსყიდველობითუნარიანობასთან. კანონპროექტი ამცირებს საგადასახადო ტვირთს, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ 2022 წელს ფიზიკურ პირთა ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადიდან მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა 40.3 მილიონი ლარი, ხოლო ფიზიკური პირების მიერ ხელფასის სახით მიღებულმა მთლიანმა საშუალო თვიურმა შემოსავალმა კი 1.7 მილიარდი ლარი. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები