2024 წლის „ნარინჯისფერი რთველის“ ფარგლებში 20%-ით ნაკლები მოსავლის პროგნოზი გვაქვს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან კომპანია „აგროინვესტსერვისის“ დირექტორმა ვაჟა მკურნალიძემ განაცხადა. მისი გათვლებით წელს დასავლეთ საქართველოში 60 ათასი ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან.
„გასულ წელთან შედარებით ციტრუსის მოსავალი შედარებით ნაკლები იქნება. ჩვენი გათვლებით 2023 წელს 90 ათასი ტონა მოსავლის აღება მოხდა, რომლის ნაწილიც ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდა, ხოლო ნაწილიც ექსპორტზე გავიდა. ნაწილი ციტრუსის დასაწყობება მოხდა, ხოლო ახალი წლის შემდეგ, ექსპორტზე აზერბაიჯანში გავიდა, სადაც შემდგომ მისი გადამუშავება ხდება“, - განმარტავს მკურნალიძე.
მისივე თქმით, წლის განმავლობაში ადგილობრივი მოხმარება დაახლოებით 10 ათასი ტონა ციტრუსია.
„დაახლოებით 5 ტონამდე მოსავალი ფუჭდება, რადგანაც როდესაც ფერმერმა მოსავალი აიღო და შეინახა, ამის მერე ზოგი მის გაყვითლებას ელოდება, ზოგიც უფრო ხელსაყრელ მომენტს რეალიზაციისთვის და ამ გადარჩევის პროცესში დანაკარგებიც არსებობს. ციტრუსი ხომ მალფუჭებადი პროდუქტია და ლპება და შესაბამისი დანაკარგებიც არსებობს.
გეტყვით, რომ მთლიან მოსავალში არასტანდარტული ციტრუსის წილი 15-20%-ია. ბოლო 10 წლის განმავლობაში ფერმერებმა აგროტექნიკური ღონისძიებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და ეს მოსავალს მეტ-ნაკლებად დაეტყო. თუ აქამდე 20%-ი იღებდა ხარისხიან პროდუქტს, ახლა უკვე პირიქითაა და 80% არის ხარისხიანი მოსავალი იმიტომ, რომ სრულყოფილად ტარდება აგროტექნიკური ღონისძიებები. თუმცა მიუხედავად ამისა მაინც მაღალია არასტანდარტული მანდარინის წილი. არასტანდარტული მანდარინი მხოლოდ წვრილი მანდარინი არა არის, ის მოიცავს ასევე მექანიკურად დაზიანებულ და დალაქავებულ მანდარინსაც. ამიტომ წლის განმავლობაში საშუალოდ 10-15 ათასი ტონა არასტანდარტული მანდარინია. საუკეთესო პირობებში, ექსპორტზე მაქსიმ 25-30 ათასი ტონა მანდარინი გადის. საუკეთესოს იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენთვის ომის გამო ფაქტობრივად დაკარგულია უკრაინის ბაზარი. ახალი ბაზრები კი არც გაქვს და ვერც გვექნება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველწლიურად გონიო-კვარიათში ძალიან ბევრი ბაღები რჩება დაუკრეფავი“, - აცხადებს ვაჟა მკურნალიძე.
„აგროინვესტსერვისის“ დირექტორი აცხადებს, რომ „ნარინჯისფერი რთველი 2023“-ის ფარგლებში ციტრუსი ექსპორტზე მისმა კომპანიამ მხოლოდ ბელორუსიაში გადატანა და რუსეთის მიმართულებით მიწოდება არ ყოფილა. აღნიშნულის მიზეზად კი გადატვირთულ დერეფანს და ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან არსებულ რიგებს ასახელებს. მისივე თქმით, მალფუჭებადი ტვირთის გატარება საბაჟოზე უპირატეს რეჟიმში ხდება, თუმცა რიგების გამო საბაჟომდე მისვლა ჭირს. ბიზნესმენი წელსაც ლარსთან მიმართებაში იგივე პრობლემების მოლოდინშია
„ნარინჯისფერი რთველი“ როგორც წესი ნოემბრის პირველ დეკადაში იწყება.
უახლესი