საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი ,,ნიკოლი“ ფართოვდება. ტანსაცმლის ხაზს ზაფხულიდან ფეხსაცმლის მიმართულება დაემატება. გარდა ამისა, კომპანია წარმოებას ზრდის როგორც შიდა ბაზარზე, ასევე ექსპორტზეც ფართოვდება.
როგორც „ნიკოლის“ დამფუძნებელი ნიკა ნიკოლაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, მალე მაღაზიის ახალი ფილიალები ზუგდიდსა და რუსთავში გაიხსნება, საექსპორტო ბაზრებს ქუვეიტი დაემატება.
„პანდემიამდელ ნიშნულს დიდი ხნის წინ გადავუსწარით. ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, წარმოების მასშტაბიც მატულობს.
ფართოვდება ასორტიმენტიც და ტანსაცმლის მიმართულებას მალე ფეხსაცმლის ხაზიც დაემატება. სავარაუდოდ ზაფხულში უკვე პირველი კოლექციაც გვექნება. ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ, რომ წარმოებისთვის ახალი ფართი მოვიძიოთ. მალე მაღაზიებს დავამატებთ ზუგდიდსა და რუსთავში. რაც შეეხება ექსპორტს, რამდენიმე ქვეყანაში გაგვაქვს ტანსაცმელი, მათ შორის ლიბანში, კანადასა და ახლა ქუვეითში ვაპირებთ გაყიდვებს.
ფაქტობრივად ორმაგდება წარმოების მაჩვენებელი, რაც მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. საცალოსთან ერთად გვაქვს კორპორაციული მიმართულება, რა მხრივაც ასევე მზარდი მოთხოვნაა. ჩვენი ბრენდის კონცეფცია გულისხმობს, რომ პროდუქცია იყოს ხელმისაწვდომი და ამავდროულად მაღალი ხარისხით გამოირჩეოდეს. ამიტომ ვცდილობთ, ყველა საფასო სეგმენტს მოერგოს და ამ მიდგომას არ ვცვლით“, - ამბობს ნიკა ნიკოლაშვილი.
მისი თქმით, ნედლეულსა და ლოგისტიკის სერვისების გაძვირების გამო საცალო სეგმენტში ფასები 20-25 %-ის ფარგლებში გაიზარდა.
საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“ 2017 წელს დაფუძნდა. ამ ეტაპზე კომპანიაში 40 ადამიანია დასაქმებული. წლის ბოლომდე ამ მაჩვენებლის 70-80%-იანი ზრდა იგეგმება.
უახლესი
21 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა