,,ქვიტირი“ ნოემბერში სასათბურე მწვანილის წარმოებას დაიწყებს. ფასებთან დაკავშირებით კოოპერატივის ხელმძღვანელს გოდერძი შავგულიძეს პროგნოზი უჭირს. მისი თქმით, როგორი სეზონი გველის და გაძვირდება თუ არა პროდუქტი, დამოკიდებულია ირანში განვითარებულ მოვლენებზე, ვინაიდან იგი მსოფლიოში მწვანილის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია.
როგორც შავგულიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, დეფიციტურ პერიოდში, ძირითადად ზამთარში, ქვეყანა ძირითადად ირანული მწვანილით მარაგდება.
,,მწვანილისთვის წელს რთული პერიოდი იყო. უამინდობის გამო გარკვეული სიმცირე შეინიშნებოდა, ამიტომ ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ვიყავით კონცენტრირებული. ტურისტულ სექტორში გარკვეული ზრდაც შეინიშნებოდა, რამაც მოთხოვნაზე იმოქმედა. ნოემბერში ახალი სეზონისთვის სამზადისს დავიწყებთ. იმდენად არაპროგნოზირებადი სიტუაციაა, მიჭირს თქმა, როგორი სეზონი გველოდება. ბევრი რამ დამოკიდებულია ირანში მოვლენების განვითარებაზე, ვინაიდან დეფიციტურ პერიოდებში მარაგებს ძირითადად ირანული მწვანილით ვივსებთ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. ერთ თვეში გაირკვევა სიტუაცია და გვეცოდინება საპროგნოზო ფასიც, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია“, - ამბობს გოდერძი შავგულიძე.
მისი ინფორმაციით, იგეგმება ,,ქვიტირის" წლევანდელი მოსავლის ექსპორტი. პროდუქცია უკრაინის, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე გაიყიდება.
ცნობისთვის, ISET კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში სოფლის მეურნეობის ექსპორტი 22%-ით გაიზარდა (2022 წლის იანვარ-აგვისტოში 740 მილიონი აშშ დოლარიდან 2023 წელს 906 მილიონ დოლარამდე).
საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთლიანი ექსპორტი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში სოფლის მეურნეობის იმპორტიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით გაიზარდა. როგორც ცნობილია, TOP-10 პროდუქტში, რაც 2023 წლის აგვისტოში წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირდა, მწვანილი, 141.8%-ით, რიგით მეორეა. პირველ ადგილს კომბოსტო იკავებს, რომლის ფასიც აღნიშნულ პერიოდში 150.1% -ით არის გაზრდილი.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია