ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო „SME Policy Index" - ის (მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი) განახლებულ რეიტინგში საქართველოს პირველადი შეფასების განხილვაში, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) წარმოადგინა. წინა სამ შეფასებაში საქართველო ლიდერი იყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს (სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა) შორის.
განხილვაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოში არსებული დონორი ორგანიზაციების, აგრეთვე საჯარო და კერძო სექტორისა და ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელი პირები.
ირაკლი ნადარეიშვილმა ვრცელად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, აგრეთვე იმ ნაბიჯებზე, რომელთაც ქვეყნის მთავრობა დგამს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს კოორდინაციით, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერითა და OECD-ისა და GIZ-თან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელიც დამტკიცდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი თქმით, ბოლო წლებში განსაკუთრებით დაიხვეწა და მეწარმეთა საჭიროებებზე უფრო მორგებული გახდა სააგენტოების - „აწარმოე საქართველოში" და „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს" მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები და პროექტები.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, გაგრძელდება ის რეფორმები, რომელიც უზრუნველყოფს მცირე და საშუალო მეწარმეობისათვის საკანონმდებლო, ინსტიტუციური და ოპერაციული გარემოს გაუმჯობესებას, სამეწარმეო უნარების ამაღლებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებას, ინოვაციებისა და კვლევისა და განვითარების ხელშეწყობას, ქალთა მეწარმეობის განვითარებას და მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის. „ვფიქრობ, ეს ყოველივე თავის ლოგიკურ ასახვას ჰპოვებს OECD-ის SME Policy Index-ის მე-4 რაუნდის შეფასებაში და საქართველო არა მხოლოდ შეინარჩუნებს, არამედ გაიუმჯობესებს პოზიციებს ყველა მიმართულებით," - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ OECD-ის SME Policy Index-ი ახალი რეიტინგი მიმდინარე წლის ბოლოს გამოქვეყნდება.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა