ბათუმის გარდა საინვესტიციო მიმზიდველობას უკვე ქობულეთისა და შეკვეთილის უძრავი ქონების ბაზარიც იძენს. როგორც Business Insider Georgia-სთან Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა ზუკა თავყელიშვილმა განაცხადა, მთლიანად აჭარის სანაპირო ზოლი თანდათან უფრო მოთხოვნადი ხდება.
„რაც შეეხება ბათუმის უძრავი ქონების ბაზარს, ბათუმს უფრო საინვესტიციო ხასიათი აქვს. აქ უფრო მცირე ზომის ბინებია და უფრო ნაკლებია ქონების საშუალო ღირებულება და უცხოელების წილი ნასყიდობებში უფრო მეტია ვიდრე თბილისში. მოთხოვნის კუთხით ბათუმში 2024 წლის პირველ კვარტალში შემცირება ფიქსირდება, რაც უკავშირდება როგორც წინა წლის მაღალ ბაზარს, ასევე საბინაო მარაგების ლიმიტირებულ რაოდენობას. მოგეხსენებათ ბათუმში ბოლო წლებში დეველოპერული აქტივობა ძალიან გაზრდილი იყო, რამაც შექმნა სიტუაცია, რომ ძალიან რთულია მიწის პოვნა, სადაც დეველოპერს საცხოვრებელი კორპუსის აშენება შეუძლია. წინა პერიოდებში უკვე ვნახეთ, რომ მიწოდებამ გადაინაცვლა გონიო-კვარიათის და ასევე მახინჯაურის მხარეს. თუმცა ბოლო პერიოდში უკვე ვიხილეთ, რომ მიწოდება ქობულეთსა და შეკვეთილშიც გვაქვს, სადაც რამდენიმე მსხვილ მასშტაბიანი პროექტიც დაანონსდა. შესაბამისად ვთვლით, რომ მთლიანად აჭარის სანაპირო ზოლი გახდა მოთხოვნადი.
ფასების კუთხით, ბათუმშიც ფასები თუ 2022 წლის დასაწყისს შევადარებთ იყო გაზრდილი, საუბარია 55%-იან ზრდაზე. თუმცა ლარის გამყარებამ საქართველოს მოსახლეობას ხელი შეუწყო, რომ ამ ყველაფერს გამკლავებოდნენ. თავიდან გაზრდილი ფასები იყო გაზრდილი სამშენებლო ხარჯების შედეგი, თუმცა ამას უკვე დაემატა მიგრანტების მიერ დაგენერირებული ჭარბი მოთხოვნა, რამაც უძრავი ქონების გასაყიდი ფასები კიდევ უფრო გაზარდა“, - ამბობს თავყელიშვილი.
უახლესი