დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსმენელების 57% საერთო რადიოს ანიჭებს უპირატესობას - ComCom-მა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დაამტკიცა

მსმენელების 57% საერთო რადიოს ანიჭებს უპირატესობას - ComCom-მა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დაამტკიცა

11-07-2024 15:30:00

კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ რადიოპრიორიტეტების კვლევაში მონაწილე რესპოდენტების უმრავლესობის - 58%-ის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნად რადიომაუწყებლის ტიპს, რომლის დამატების საჭიროებაც არსებობს, საერთო რადიო წარმოადგენს, მაშინ, როდესაც გამოკითხულთა 22% მიიჩნევს, რომ სპეციალიზებული რადიოს დამატების საჭიროება დგას. ამასთან, გამოკითხულთა თითქმის სრული უმრავლესობა - 91% თვლის, რომ რადიოები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა მაუწყებლობდნენ, მხოლოდ 6% კი, რეგიონულ რადიოს ემხრობა.

 

მოცემული შედეგები კომუნიკაციების კომისიის რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომლის საფუძველზეც, ComCom-მა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დაამტკიცა. აღნიშნული საქართველოს მასშტაბით, 14 სამაუწყებლო ზონაში, მათ შორის თბილისში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სტეფანწმინდასა და გუდაურში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, სამეგრელოში, სვანეთში, გურიასა და აჭარაში განისაზღვრა. კომუნიკაციების კომისია რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსებს დამტკიცებული პრიორიტეტების გათვალისწინებით გამოაცხადებს.

 

კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ რადიოს შერჩევის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებს მომხმარებლებისთვის მუსიკა და საინფორმაციო გადაცემები წარმოადგენს. კერძოდ, მუსიკას ყოველდღიურად გამოკითხულთა 74% უსმენს, ახალ ამბებს კი - 39%. 14% აცხადებს, რომ ისინი სპორტულ გადაცემებს ანიჭებენ უპირატესობას, 11%-ისთვის კი სამედიცინო შინაარსის გადაცემებია მნიშვნელოვანი.

 

ამასთან ერთად, გამოკითხული რესპოდენტების შეფასებით, რადიოს დაჭერის ხარისხი მთლიანობაში კარგია, თუმცა, დაჭერასთან დაკავშირებული ხარვეზები მაინც არსებობს და ამ ტიპის პრობლემას ძირითადად შორ დისტანციაზე, ცენტრალურ მაგისტრალზე ან მაღალმთიან რეგიონში გადაადგილებისას ხვდებიან. კვლევის მონაწილეების აზრით, ქართულ რადიოსივრცეში იდენტიფიცირებული საჭიროებები უმეტესად გადაცემების შინაარსს და რადიოს ხელმისაწვდომობის ტექნიკურ მხარეს ეხება.

 

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც კვლევის შედეგად გამოვლინდა -  იდეალური რადიოა. რესპოდენტების უმრავლესობისთვის, იდეალური რადიო უნდა იყოს მრავალფეროვანი და დაბალანსებული თემატიკის, ამასთან, უნდა ერგებოდეს ფართო ასაკობრივი წრის ინტერესებს. გამოკითხულთა განცხადებით, იდეალური რადიო უნდა ასახავდეს მოსახლეობის ინტერესეს და პრობლემატიკას, უნდა იყოს სახალხო და საყოველთაო და გარდა ამისა, წამყვანების მხრიდან დაცული უნდა იყოს ეთიკა და პოზიტიური ატმოსფერო. კვლევის შედეგად დადგინდა ისიც, რომ რესპოდენტები ანიჭებენ უპირატესობას შემეცნებით, გასართობ და მუსიკალურ პროგრამებს მოკლე საინფორმაციო ჩანართებით. ასევე, ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ იდეალურ რადიოს უნდა ჰქონდეს მაღალი დაჭერის ხარისხი, სხვადასხვა მოწყობილობით წვდომის შესაძლებლობა და რადიოს დაარქივებულ მასალებზე წვდომის საშუალება.

 

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში, რომელშიც 14 სამაუწყებლო ზონიდან, პროპორციულობის დაცვით, 4000-ზე მეტი პირი მონაწილეობდა, ყურადღება გამახვილებული იყო საზოგადოების დამოკიდებულებასა და მოთხოვნაზე როგორც კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის, ისე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის თემატიკისადმი. გამოკითხვა ასევე მოიცავდა თემატიკის და ჟანრების მოთხოვნის და ადგილობრივ რადიოებზე ხელმისაწვდომობის, რაოდენობისა და მათი დაფარვის ხარისხის შესახებ ინფორმაციას.

 

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

 

რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების კვლევა იხილეთ ბმულზე.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები