დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოცვის ფასის ვარდნა არასტაბილური ბაზრის ფაქტორს უკავშირდება - აგროლეინი

მოცვის ფასის ვარდნა არასტაბილური ბაზრის ფაქტორს უკავშირდება - აგროლეინი

09-07-2023 10:00:24

წლევანდელი მოცვის მოსავალი ფასით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. სამომხმარებლო ბაზარზე 1 კილოგრამი მოცვის შეძენა 8-9 ლარადაც შესაძლებელია, რაც სპეკულაციის ეჭვს აჩენს და საკითხით კონკურენციის სააგენტოც დაინტერესდა.

სექტორის წარმომადგენლები მოცვის გაიაფების მთავარ მიზეზად რუსეთის ფაქტორს ასახელებენ. კომპანია ,,აგროლეინის" დამფუძნებელი გიორგი ღვინიაშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ მოსავლის 90% რუსეთში გადის და სანამ ბაზრის დივერსიფიკაციის საკითხი არ მოწესრიგდება, ფასის მხრივ მუდმივად იქნება პრობლემა.

„დღეს მოცვის ბაზარზე მიწოდება გაცილებით მეტია, ვიდრე მოთხოვნა არსებობს და ეს ყველაფერი ფასზე ნეგატიურად აისახება. ჩვენი პროდუქტის 90% რუსეთში გადის, სადაც მოცვი დიდი რაოდენობით დაგროვდა. სანამ ბაზრების დივერსიფიკაცია არ მოხდება, მუდმივად გვექნება პრობლემა ფასის თუ სხვა კუთხით, ცხადია, პრობლემა არასტაბილური ბაზრის ფაქტორს უკავშირდება.

რუსეთში ქართულ ფულზე 1 კგ. მოცვის ფასი 9 ლარია და დაახლოებით ამდენივე ღირს საქართველოშიც. განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე უნდა გავაკეთოთ სწორება, სადაც სტაბილურად უკეთესი ფასია და ბაზარიც უფრო ჯანსაღია", - ამბობს გიორგი ღვინიაშვილი.

მოცვის გაყიდვებში რუსეთის ლიდერი პოზიცია ჩანს ოფიციალურ სტატისტიკაშიც. 2023 წლის 1 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით საქართველოდან 2 346 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 14.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (2 207.1 ტონა), პოლონეთში (37.0 ტონა), არაბთა გაერთიანებული საემიროებში (33.3 ტონა), ნიდერლანდებში (24.5 ტონა), სომხეთში (15.5 ტონა), გერმანიაში (11.1 ტონა), კატარში (4.3 ტონა), ქუვეითში (4.3 ტონა), საუდის არაბეთში (3.2 ტონა), ბაჰრეინში (2.7 ტონა), დანარჩენ ქვეყნებში (3.0 ტონა).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები