საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის ვალდებულებები. ამ ვალდებულების შესასრულებლად საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს მიიღო კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“. ამ პერიოდამდე არსებული კანონმდებლობა მოძველებული იყო და ვერ პასუხობდა თანამედროვე გამოწვევებს. კანონით განისაზღვრა, მომხმარებლის და მოვაჭრის განმარტება და ასევე მომხმარებლის უფლებები და ვალდებულებები.
ერთ-ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების უფლება, რომელიც დაცულია როგორც კანონის მე-5 მუხლით, ასევე ევროპარლამენტისა და საბჭოს 2011 წლის 25 ოქტომბრის დირექტივით №2011/83/EC.[1] მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულებას ასევე არაერთხელ გაესვა ხაზი „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს“ გადაწყვეტილებებში, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს.
კანონის თანახმად, მოვაჭრემ მომხმარებელს ხელშეკრულების დადებამდე სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად უნდა მიაწოდოს უტყუარი და სრული ინფორმაცია.
დისტანციური/ონლაინ ვაჭრობის დროს კანონი, მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ინფორმაციის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს და მოვაჭრე დამატებით ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია მოვაჭრის ვინაობისა და ფაქტობრივი მისამართის შესახებ, საქონლის ან მომსახურების ფასის, გადასახადებისა და ყველა დამატებითი ხარჯის, მათ შორის, დისტანციური ხელშეკრულების შემთხვევაში საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებლის მიერ გასაწევი ხარჯის შესახებ, ასევეხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობების, ვადისა და წესის შესახებ, ინფორმაცია იმის თაობზე, თუ ხელშეკრულებაზე უარის თქმა შეუძლებელია, ქცევის კოდექსის არსებობისა და ხელმისაწვდომობის შესახებ.
მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული მტკიცების ტვირთი მთლიანად მოვაჭრეს ეკისრება. შესაბამისად, მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში, სწორედ მოვაჭრემ უნდა ამტკიცოს, რომ მან კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება სრულად შეასრულა.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ დარღვევის დადასტურებათა უმრავლეს შემთხვევაში სახეზეა სწორედ ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევა.
სააგენტომ 2024 წლის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე დაადგინა, რომ მოვაჭრის სავაჭრო პლატფორმაზე (ფეისბუქ გვერდი) მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების სტანდარტს. საინფორმაციო ველში ასახული იყო მხოლოდ გვერდის სახელი და ტელეფონის ნომერი. სააგენტომ აღნიშნა, რომ მოვაჭრის სავაჭრო გვერდზე დამატებით უნდა ყოფილიყო შემდეგი ინფორმაცია: 1. მოვაჭრის მისამართის, სამართლებრივი ფორმის, მოვაჭრის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შესახებ; 2. დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობების, ვადისა და წესის შესახებ; 3. საქონლის უკან დაბრუნების ფორმის შესახებ; 4. ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარის თქმის უფლებით სარგებლობის შესახებ და სხვა.
სააგენტომ სხვა გადაწყვეტილებაში, სადაც მომხმარებელს მოხმარების წესები მიეწოდა არასახელმწიფო ენაზე, მიიჩნია, რომ მოვაჭრემ ვერ დააკმაყოფილა ინფორმირების სტანდარტი, ვინაიდან დოკუმენტაცია საქონლის მოხმარების წესების და არსებითი მახასიათებლების შესახებ მომხმარებელს მიეწოდა არასახელმწიფო ენაზე.[2]
ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლო გადაწყვეტილებაში საქმეებზე C‑179/21[3] და C‑529/19[4] განმარტებულია, რომ ვიდრე მომხმარებელი მოვაჭრის შეთავაზებით შეიბოჭება, ეს უკანასკნელი ვალდებულია მომხმარებელს ნათელი და ყოვლისმომცველი ინფორმაცია მიაწოდოს შეთავაზებული საქონლისა თუ მომსახურების შესახებ.
შეჯამების სახით იმისათვის, რომ მეწარმის მხრიდან კანონი არ დაირღვას აუცილებელია დაცული იყოს შემდეგი პრინციპები:
[1] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2011 წლის 25 ოქტომბრის დირექტივა 2011/83/EC მომხმარებელთა უფლებების, საბჭოს დირექტივასა 93/13/EEC და ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივაში 1999/44/EC შესწორებების შეტანის და საბჭოს დირექტივისა 85/577/EEC და ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივის 97/7/EC გაუქმების შესახებ; იხ., <https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=celex%3A32011L0083> ;
ქართულ ენაზე: <https://matsne.gov.ge/ka/document/view/4488461?publication=0>
[2] საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს 2024 წლის 19 მარტის ბრძანება N04/220, იხ., < https://gcca.gov.ge/uploads_script/user_rights/tmp/phpqTbqZx.pdf >;
[3] ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე C-179/21 Absoluts -bikes and more- GmbH & Co. KG vThe-trading-company GmbH [2022], პარ.26, იხ., < https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:62021CJ0179> ;
[4] ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე C 529/19 Möbel Kraft GmbH & Co. KG v ML. [2020], პარ. 26, იხ., < https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX:62019CJ0529 > ;
უახლესი
29 წუთის წინ
„კულა“ 20225 წლიდან ბიო წვენების წარმოებას გეგმავს