საქართველოს ფინანსურ სექტორში მოქმედი რეგულაციები, რომლებიც მომხმარებელთა უფლებების დაცვას, დაკრედიტების წესებსა და ეთიკას არეგულირებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფინანსური ორგანიზაციებისა და ბიზნესის საქმიანობაში. თუმცა, კვლავ აქტუალურია კითხვა – როგორ აისახება ეს რეგულაციები კომპანიების საქმიანობაზე და რა უფლებებით სარგებლობენ ისინი დაკრედიტების პროცესში? აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია გვიზიარებს პრაქტიკულ გამოცდილებას და რჩევებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" ბიზნესს, როგორც საფინანსო პროდუქტის მიმღებ პირსა და მომხმარებელს, ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას ანიჭებს რიგ უფლებებს:
1. ინფორმაციის მიღების უფლება - ბრძანების თანახმად, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია,მომხმარებელს დროულად მიაწოდოს სრული, გასაგები და უტყუარი ინფორმაცია საფინანსო პროდუქტის შესახებ (მაგ. კრედიტის ოდენობა, საპროცენტო განაკვეთი, ვადა და ა.შ.). ბრძანება ასევე ადგენს სპეციფიკურ შემთხვევებს, როდესაც ფინანსურ ორგანიზაციას დამატებით ევალება „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების“ ცალკე გამოყოფა და ამავე წესებით დადგენილი დიზაინით/ფორმით განთავსება ხელშეკრულებაში. ამასთან, განსხვავებულად რეგულირდება ინფორმაციის მიწოდების სტანდარდი როგორც ხელშეკრულების დისტანციურად დადებისას, ისე - საფინანსო პროდუქტთან დაკავშირებული დაზღვევისა თუ საფინანსო პროდუქტების კომბინირებულად შეთავაზებისას.
2. სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება - აღნიშნული პროდუქტი მოიაზრებს კრედიტს, რომლის მთლიანი თანხა/პირველადი შენატანი ნაკლებია 1 000 000 ლარზე. სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის მიღებისას მომხმარებელი უფლებამოსილია, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას ხელშეკრულებაზე მისი გაფორმებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. უარის თქმის უფლების გამოყენებისას მომხმარებელმა ფინანსურ ორგანიზაციას უნდა შეატყობინოს მატერიალურად ან სხვა სანდო საშუალებით, ამავე ბრძანებით დადგენილი ვადაში, ასევე, გადაიხადოს კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხა და ამ თანხაზე კრედიტით სარგებლობის პერიოდის განმავლობაში დარიცხული და გადაუხდელი პროცენტი.
3. პრეტენზიის/საჩივრის შეტანის უფლება - საფინანსო პროდუქტის მიმღები უფლებამოსილია, გამოხატოს პრეტენზია/უკმაყოფილება და შეიტანოს საჩივარი ფინანსური ორგანიზაციისა თუ მისი ნებისმიერი პროდუქტის მიმართ. ამ უფლების რეალიზაციისას საფინანსო ორგანიზაციას ეკისრება ვალდებულება, მიიღოს და განიხილოს პრეტენზია მიუხედავად მისი გამოხატვის ფორმისა და ვადისა, შეისწავლოს საკითხი და არაგუვიანეს 1 თვის ვადაში აცნობოს მომხმარებელს შესაბამისი შედეგის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი ასევე უფლებამოსილია, მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას წარდგენილი საჩივრის დადგენილ ვადაში დაუკმაყოფილებლობის (მათ შორის, პასუხის გაუცემლობის) ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე.
გასათვალისწინებელია ის სიახლეები ბრძანებაში, რომლებიც 2025 წლის 1 მაისიდან შედის ძალაში. ახალი რეგულაცია ერთმანეთისაგან მიჯნავს პირგასამტეხლოს ოდენობას მომხმარებლის მიერ კრედიტის საკუთარი სახსრებით წინსწრებით დაფარვისა და ნაწილობრივი ან სრული რეფინანსირების დროს. შედეგად, ცვლილებამდელი პირგასამტეხლოს ოდენობა იმოქმედებს მომხმარებლის მიერ საკუთარი სახსრებით წინსწრებით სრულად/ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში. რაც შეეხება სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული/ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევას, ასეთ დროს სანქციის ოდენობა განისაზღვრება თანხის წინსწრებით დაფარვის მომენტისთვის კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0,5%-ის ოდენობით. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს უკანასკნელი წესი იურიდიულ პირებს ეხება მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ვალდებულებების ჯამური მოცულობა ამავე ფინანსურ ორგანიზაციაში არ აღემატება 2 000 000 ლარს. წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე გავრცელდება იგივე ოდენობის სანქციები, რაც საკუთარი სახსრებით წინსწრებით დაფარვისას მოქმედებს.
და ბოლოს, ბიზნესისთვის, როგორც საფინანსო პროდუქტის მომხმარებლისთვის, აღნიშნული რეგულაციები მნიშვნელოვან დაცვის მექანიზმებს ქმნის. ისინი უზრუნველყოფს ბიზნესის უფლებას სრულყოფილი და გამჭვირვალე ინფორმაციის მიღებაზე, ხელშეკრულების პირობების სიცხადესა და საჭიროების შემთხვევაში – მასზე უარის თქმაზე. ამასთან, რეგულაციები ფინანსურ ორგანიზაციებს ავალდებულებს მომსახურების მაღალი სტანდარტებით წარმართვას, რაც ქმნის პროგნოზირებად საფინანსო გარემოს. შესაბამისად, კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ აღნიშნული წესები და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელონ ზემოთ მოყვანილი უფლებებით.
უახლესი
4 საათის წინ
როგორია 31 მარტის ამინდის პროგნოზი