დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოლოდინი გვაქვს, რომ გრიგოლეთში აგვისტოში მეტი ტურისტი ჩამოვა - Trademark Collection by Wyndham

მოლოდინი გვაქვს, რომ გრიგოლეთში აგვისტოში მეტი ტურისტი ჩამოვა - Trademark Collection by Wyndham

18-07-2023 15:00:10

უფრო კარგ სეზონს ველოდით, სხვა მოლოდინები გვქონდა და სხვა ბიუჯეტებიც გაწერილი, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან გრიგოლეთში მდებარე სასტუმრო Trademark Collection by Wyndham-ის გენერალური მენეჯერი ლელა წულუკიძე. მისი განმარტებით, ივნისში დატვირთულობა 60%-ი იყო.

„სამწუხაროდ საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროები ყველა განიცდის კრიზისს. მოლოდინი სხვანაირი იყო. ეს ყველაფერი განპირობებულია უკრაინაში საომარი ვითარებით და ასევე კახოვკის ჰესის აფეთქებამაც ცუდი გავლენა იქონია შავ ზღვაზე დასვენებაზე, იმიტომ, რომ ხალხი უფრო მთის დასვენებაზე გადაერთო. ბევრი ჯავშანი გაუქმდა, როგორც ქართველების ისე უცხოელების მხრიდან.

საუბარი მქონდა ბათუმში სასტუმროს წარმომადგენლებთან და ისინი ანალოგიური პრობლემის წინაშე დგანან. სამწუხაროდ სეზონს უამინდობამაც თავისი დაღი დაასვა.

ივნისში 60%-იან დატვირთულობაზე ავედით, იმედია, რომ ივლისში რაღაც ცვლილება იქნება. ზოგადად კი ივლისში უფრო მაღალ დატვირთულობას ველოდით. ჩემი აზრით აგვისტოში სიტუაცია შეიცვლება, რადგანაც საგამოცდო პერიოდი სრულდება და ესეც რა თქმა უნდა დადებითად იმოქმედებს სასტუმროების დატვირთულობაზე“, - ამბობს Trademark Collection by Wyndham-ის გენერალური მენეჯერი.

ლელა წულუკიძის თქმით, Trademark Collection by Wyndham-ში აგვისტოზე ჯავშნების 60%-ი საქართველოს მოქალაქეებზე, ხოლო 40%-ი უცხოელებზე მოდის. 

„გვეგონა, რომ ავიარეისების დამატება რაღაცნაირად პოზიტიურად აისახებოდა ჩვენზე, თუმცა დიდად ვერ დაგვეტყო. გარკვეული შეთავაზებებიც გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ დამსვენებლები აპარტამენტებს ირჩევენ“, - ამბობს სასტუმროს გენერალური მენეჯერი. 

აღსანიშნავია, რომ 4 ვარსკვლავიანი Trademark Collection by Wyndham-ი 2022 წლის გაზაფხულზე გაიხსნა და ის სასტუმრო ბრენდის Wyndham-ის ფრანჩაიზს წარმოადგენს. სასტუმრო მოიცავს 60 ნომერს და მდებარეობს შავ ზღვაზე, გრიგოლეთის სანაპირო ზოლზე.

„ჩვენ იმით ვართ გამორჩეულები, რომ სრულად ვართ ორიენტირებული საოჯახო დასვენებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერიმეტრზე, შეკვეთილამდე ამ დონის სასტუმრო არ არის. შევიმუშავეთ, რომ ადამიანებს ზაფხულში დასვენება საკმაოდ საინტერესო პირობებში მოუწიოთ, ამიტომ გვაქვს სპა ცენტრი, რომელშიც განთავსებულია სხვადასხვა ტიპის როგორც გამაჯანსაღებელი ისე სარელაქსაციო სპა სამასაჟო პროცედურები. გვაქვს ძალიან საინტერესო კასრი და მასთან მიბმული ბევრი პროცედურა. გვაქვს დიდი აუზი, რომელიც ზამთარში იხურება, ხოლო ზაფხულშია ღიაა“,- ამბობს Trademark Collection by Wyndham-ის გენერალური მენეჯერი.

მისივე განმარტებით, სასტუმროში საუზმის ჩათვლი 2 ადამიანის განთავსების ფასი აგვისტოში 135-140 დოლარის ეკვივალენტია ლარში, საოჯახო ნომრის ფასი კი 200 დოლარის ეკვივალენტი ლარში.

„გაქვს ასევე 2-ჯერადი და 3-ჯერადი კვებით პაკეტები, გააჩნია რა მოთხოვნაა სტუმრისგან“, - ამბობს ლელა წულუკიძე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები