საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის ლიცენზიანტები დარიცხული სანქციისგან (ჯარიმა და საურავი) განთავისუფლდებიან.
ერთჯერადი ამნისტიის ფარგლებში, მოხდება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 1-ელ ივნისამდე წარმოშობილი და გადაუხდელი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლით დადგენილი მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის დარიცხული/დაკისრებული მოსაკრებლის თანხა ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმის და საურავის ჩამოწერა.
„ბიზნესომბუდსენის აპარატის მიერ შესწავლილი საკითხებიდან გამომდინარე, მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების უმეტესი ნაწილი გაცემულია ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც არ ჰქონდათ სათანადო რეგისტრაცია, სათანადო ინფრასტრუქტურა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არ გააჩნდათ შესაბამისი ინფორმაცია/ცოდნა მათი მოვალეობების და უფლებების შესახებ.
აღნიშნულს მოწმობს ის გარემოებაც, რომ პირებს, რომლებიც ფლობდნენ შესაბამის ლიცენზიას, უმეტეს შემთხვევაში, ათვისების გეგმაც კი არ ჰქონდათ დამტკიცებული და ლიცენზიების გასხვისება ხდებოდა ერთი ფიზიკური პირიდან სხვა ფიზიკურ პირებზე ათვისების გეგმის გარეშე. ამასთან გასათვალისწინებელია ახალი კორონავირუსის (COVID -19) ზეგავლენა, რომლის პირობებშიც კიდევ უფრო გართულდა შესაბამისი ბიზნესსაქმიანობის წარმოება და ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება.
შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დღეის მდგომარეობით პირებს ფაქტობრივად არ გააჩნიათ მოქმედი ბიზნესი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ვინაიდან აღარ ფლობენ საქმიანობის ლიცენზიას (რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ლიცენზიების გაყიდვას, დაბრუნებას ან/და გაუქმებას) მათგან მოსაკრებლის თანხის და მასზე დარიცხული საურავების ამოღება თითქმის შეუძლებელია სახელმწიფოს მხრიდან. თავის მხრივ, აღნიშნული დარიცხვები, დღითიდღე იზრდება, რაც პრობლემას უქმნის ამ პირებს თავიანთ საქმიანობაშიც და სამომავლოდ ბიზნესის წარმოებაში, იქნება ეს საბანკო კრედიტების აღება თუ სხვა“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
უახლესი