დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მილანის საერთაშორისო გამოფენიდან Cosmo ახალი შეკვეთებით დაბრუნდა

მილანის საერთაშორისო გამოფენიდან Cosmo ახალი შეკვეთებით დაბრუნდა

05-03-2025 17:00:00

ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი Cosmo • კოსმო მილანში გამართულ გამოფენა MICAM / MIPEL-ში მონაწილეობდა, რომელიც ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ინდუსტრიის პროფესიონალებისთვის. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“  მხარდაჭერით აღნიშნულ გამოფენაში საქართველოდან 8 კომპანია იღებდა მონაწილეობას.

როგორც Business Insider Georgia-სთან Cosmo-ს თანადამფუძნებელმა სოფი მუხულიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა კომპანიისთვის საკმაოდ სასიკეთო იყო, რადგანაც დაიწყო ახალი მოლაპარაკებები.

„მილანში გამართულ გამოფენაზე ახალი კოლექციით ვიყავით წარმოდგენილი, რომლის ფარგლებშიც ახალი კოლექციის ჩანთებზე მივიღეთ ორი შეკვეთა იტალიიდან. ასევე გვაქვს მოლაპარაკება დიდი ბრიტანეთიდანაც. ეს არის აქტიური მოლაპარაკებები, თუმცა კვირის განმავლობაში სხვებთანაც დავიწყებთ უკვე მოლაპარაკებებს“, - აღნიშნა კომპანიის თანადამფუძნებელმა.

სოფი მუხულიშვილის თქმით, კომპანიის გაყიდვების 90%-ი ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო 10%-ი ექსპორტზე მოდის.

„Cosmo ჩანთების და აქსესუარების ქართული ბრენდია, რომელსაც გააჩნია საკუთარი წარმოება. საქართველოში გვაქვს ძირითადი გაყიდვების წერტილები. დღეისათვის ქვეყანაში 9 ფილიალით ვართ წარმოდგენილი. ჩვენი მაღაზიები გვაქვს მოლებში. ასევე ჩვენი პროდუქცია გაგვაქვს საერთაშორისო ბაზარზეც და ვყიდით იტალიაში, საფრანგეთში და ასევე ვყიდით საერთაშორისო საიტებზე. დანიაში გვყავს ძალიან მსხვილი პარტნიორი, რომელიც კოლაბორაციით შექმნილ ჩანთებს იქ ყიდის. Cosmo-ს გაყიდვების წილი უცხოურ ბაზარზე დაახლოებით 10%-ს იკავებს, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს წილი კიდევ უფრო გაიზარდოს“, - Cosmo-ს თანადამფუძნებელი.

დღეისათვის Cosmo-ს პროდუქცია აქტიურადაა წარმოდგენილი Etsy-ზე. 

Cosmo • კოსმო  2015 წელს სოფი მუხულიშვილმა და თამო აფციაურმა ერთობლივი ძალებით დააარსეს, როდესაც სოციალურ ქსელში განათავსეს თავიანთი პირველი ხელნაკეთი ნივთი, თუმცა, ჯერ კიდევ არ იცოდნენ წინ რამხელა გზა ელოდათ.

რამდენიმე წლის შემდეგ Cosmo ყველაზე მრავალფეროვანი ხელნაკეთი აქსესუარების საწარმო გახდა საქართველოს მასშტაბით.

წარმოების პროცესი საკმაოდ მრავალფეროვანია, პროდუქციის დამუშავება ხდება, როგორც ხელით ასევე მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარებით. ყველა პროდუქტი უნიკალური და მრავალფეროვანია და მორგებულია ყველა ასაკის და გემოვნების ადამიანისთვის. აღსანიშნავია, რომ  MICAM / MIPEL-ს ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან 42,000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. წელს გამოფენას სააგენტოს მხარდაჭერით 8 ქართული კომპანია დაესწრო. 

ექსპორტის მხარდაჭერა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 2014 წლიდან დღემდე, სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით 1230-მდე ბენეფიციარმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა 150-ზე მეტ საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში. ჯამურად, მხოლოდ სააგენტოს უშუალო მხარდაჭერით, მოხდა 500 მილიონ ლარზე მეტი ექსპორტის სტიმულირება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები