მიღწეული პროგრესი ქმნის მომავალს, სადაც ყველა ონკოლოგიური პაციენტი მიიღებს უმაღლესი სტანდარტის მკურნალობას - City Cancer Challenge-ის აღმასრულებელი დირექტორი
25-07-2024 16:59:00
„დღეს მიღწეული პროგრესი ქმნის მომავალს, სადაც ყველა ონკოლოგიური პაციენტი მიიღებს უმაღლესი სტანდარტის მკურნალობას, გეოგრაფიული ბარიერების მიუხედავად“, - ასე გამოეხმაურა City Cancer Challenge-ის (C/Can) აღმასრულებელი დირექტორი იზაბელ მესტრესი, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მარტივდება.
იზაბელ მესტრესი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და City Cancer Challenge-ის პარტნიორობით, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
„მოხარული ვარ, გაცნობოთ C/Can-ის ძალისხმევით განხორციელებული მთავარი მიღწევის შესახებ საქართველოში.
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, პარტნიორობის შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება ონკოლოგიური მედიკამენტების უსაფრთხო შენახვა, მომზადება და პაციენტამდე მიტანა.
რას ნიშნავს ეს პაციენტებისთვის?
საქართველოში, ონკოლოგიური პაციენტები მიიღებენ თავიანთ მედიკამენტებს პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში და აღარ ექნებათ პრეპარატების შეძენასა და აფთიაქებიდან გადატანის საჭიროება. ეს საშუალებას მისცემს პაციენტებს, მიიღონ გაუმჯობესებული სერვისები და ფოკუსირდნენ საკუთარ გამოჯანმრთელებაზე“, - წერს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, სოციალურ ქსელში.
City Cancer Challenge შვეიცარიაში დაფუძნებული ფონდია, რომელიც მხარს უჭერს ქალაქებს, მთელს მსოფლიოში, ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობისა და ხარისხიან მკურნალობაზე წვდომის გასაუმჯობესებლად.