დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეცხოველეობაში წარმოება დაბალინტენსიურია და 30 წლით ჩამორჩება მსოფლიო დონეს - მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია

მეცხოველეობაში წარმოება დაბალინტენსიურია და 30 წლით ჩამორჩება მსოფლიო დონეს - მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია

19-10-2023 14:45:56

საქართველო, საპატიო სტუმრის სტატუსით, ევროპაში მეცხოველეობის დარგის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ გამოფენას – Sommet De L’elevage 2023 -ს სტუმრობდა.

მასშტაბური ღონისძიება 6 ოქტომბერს გაიმართა და მასში მონაწილეობას იღებდა, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციის წარმომადგენლები.

ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი ხატიაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, რომ გამოფენა მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან შეხვდნენ გამოცდილ ევროპელ კოლეგებს, გაიზიარეს ცოდნა და დაამყარეს ახალი კონტაქტები. შესაბამისად, როგორც ხატიაშვილის აღნიშნავს, შეთანხმდნენ, რომ ფრანგი სპეციალისტები ტექნოლოგიურ საკითხებში გაუწევენ ქართველ სპეციალისტებს დახმარებას და ბაზარზე მაღალი დონის ტექნიკას შემოიტანენ.

„ჩვენი ინტერესი იყო, რომ კონტაქტები დაგვემყარებინა ევროპულ სანაშენე კომპანიებთან, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ მეურნეობებს წარმოადგენენ და გენეტიკურ მასალას აწვდიან გარე ბაზრებს. პოტენციური პარტნიორები შევიძინეთ, ვინც მზადაა, ითანამშრომლოს საქართველოსთან ამ მიმართულებით, მოგვაწოდონ  მაღალპროდუქტიული საქონელი შესაბამისი ფერმებისთვის. ტექნოლოგიური აღჭურვილობის გაუმჯობესება სწორედ მსგავსი პარტნიორობით მიიღწევა.

ჩვენი მთავარი პრობლემაა, რომ წარმოება არის ძალიან დაბალინტენსიური და მთელი 30 წლით არის ჩამორჩენილი მსოფლიო დონეს.

მაგალითად, საშუალოდ ევროპაში  ერთი ძროხიდან წელიწადში წველიან  8 ათას ლიტრამდე რძეს, ჩვენ საშუალოდ ვწველით 1500 ლიტრს. ამდენს ფრანგული ჯიშის თხები იწველიან. ამიტომ დარგს სჭირდება პერიოდული მხარდაჭერა როგორც სახელმწიფოს, ასევე სპეციალისტების მხრიდან, გამოფენაზე საშუალება მოგვეცა, რომ კერძო კომპანიები, ვინც ლიდერები არიან, მათი ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი გახდეს ქართული  წარმოებისთვის, ჩვენი ბაზრისთვის. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი კავშირები დავამყარეთ.

ამ მხრივ საფრანგეთის გამოფენაზე მონაწილეობამ დიდი შანსი მოგვცა, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის საქართველოს მთავრობას, კერძოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომლის დახმარებითაც მოვხვდით ევროპის გლობალურ გამოფენაზე“, - აცხადებს გიორგი ხატიაშვილი.

მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციის ხელმძღვანელი სამ მთავარ პრობლემას ასახელებს, რაც მისი თქმით, დარგის განვითარებაზე ყველაზე ნეგატიურად აისახება: ცოდნის დეფიციტი, ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების ნაკლებობა.

ცნობისთვის, საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში, ევროპაში ხორცპროდუქტების წარმოების ყველაზე დიდ რეგიონში გამართულ გამოფენას, მსოფლიოს 90 ქვეყნიდან, დაახლოებით, 105 000 ვიზიტორი სტუმრობდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2000 საუკეთესო ჯიშის მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები