თბილისის მერია ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის სამუშაოების კვლევა-პროექტირებისთვის 176000 ლარს დახარჯავს.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, აღნიშნული სერვისის შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობით ხდება, რაც კლდიდან ქვათაცვენის გააქტიურებამ განაპირობა, რისთვისაც საკმარისი არ არის მხოლოდ ჩამოშლილი მასის გატანა. დიდი ზომის ქვების ჩამოცვენამ დაარღვია ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მთლიანობა და ბადე ვეღარ უზრუნველყოფს ტერიტორიის უსაფრთხოებას.
ყოველწლიურად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური მოწყობილი ბადის მოვლა პატრონობას უზრუნველყოფს ტენდერში გამარჯვებული კომპანიების საშუალებით. რაც გულისხმობს ფარდის პრინციპით მოწყობილი ბადის ქვეშ ჩამოშლილი მასის გატანას. ჩამოშლილი ქვების ზომების წინასწარ გათვალისწინება და ბადის დაზიანების გათვლა შეუძლებელია.
დღეისათვის კი კვლევა-პროექტირების დოკუმენტაციის გარეშე ვერ განხორციელდება სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების მოკლე ვადაში არ ჩატარება კი საფრთხეს უქმნის საავტომობილო გზას, მგზავრებს და ავტომობილებს.
ირკვევა, რომ ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, საავტომობილო სავალ ნაწილს, გასწვრივ ესაზღვრება კლდე, რომელსაც აქვს პრობლემური მონაკვეთები ქვათაცვენის თვალსაზრისით. წლების წინ კლდის რამდენიმე მონაკვეთში მოწყობილი იქნა ქვათაცვენისგან დამცავი ბადეები ფარდის პრინციპით და რეგულარულად ხდება კლდის ძირში ჩამოცვენილი მასისგან გაწმენდა და დაკვირვება.
„მშენებლობის გამოცდილების პრაქტიკის მიხედვით, ეროზიის ბაზისის ქვევით, ზედაეოცენური ქვიშაქვები და არგილიტები, ბუნებრივი ტენიანობის პირობებში, მონოლითური და ძალიან მაგარია და განეკუთვნებიან კლდოვანი ქანების კატეგორიას. ზედაპირზე გაშიშვლებისას, ქანები საკმაოდ სწრაფად იფიტებიან, გამოფიტვის პროცესში ხდება მათი დაშრეება და თაბაშირით გამდიდრება. განსაკუთრებით სწრაფად იფიტებიან არგილიტები და სუბარგილიტები, რომლებიც გაშრობისას ძალზე სწრაფად იფიტებიან და გარდაიქმნებიან ღორღად და ხვინჭად.
გეოდინამიკური პროცესებისადმი დაქვემდებარების მხრივ, წარმოდგენილი ქანები ძლიერ დისლოცირებულია და გართულებულია ტექტონიკური აშლილობებით. მათი სიმტკიცე და მდგრადობა დენუდაცია-ეროზიისადმი და მეწყრულ-გრავიტაციული პროცესებისადმი მთლიანობაში დაბალია, რაც ნათლად აისახება გეოდინამიკური პროცესების ფართო განვითარებაში.
ბოლო პერიოდში ქვათაცვენის პროცესი გააქტიურდა და ასევე იმატა ჩამოცვენილი ქვების ზომებმა. შესაბამისად, დიდი ზომის ლოდებმა დაარღვიეს წლების წინ მოწყობილი ბადის მთლიანობა და ბადე ვეღარ უზრუნველყოფს ტერიტორიის უსაფრთხოებას. მოვლა-პატრონობის ნაწილში მიმდინარეობს ჩამოშლილი მასის გატანა, მაგრამ სახეზეა ქვათაცვენის ინტენსივობის მატება. საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს კლდის ამ მონაკვეთის დეტალური კვლევა და პარალელურად მათ მონაცემებზე დაყრდნობით მოეწყოს ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადე ჩაანკერების პრინციპით“, - აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, მოვლა-პატრონობის ნაწილში 2023 წლის 14 აგვისტოს დაიწყო კლდიდან ჩამოშლილი მასის მორიგი გაწმენდის სამუშაოები. ქვათაცვენის ინტენსივობამ მოიმატა და 17 აგვისტოს ადგილი ქონდა დიდი ზომის ქვათა ცვენას, რამაც დაარღვია ფარდის პრინციპით მოწყობილი ბადის მთლიანობა. ამ დრომდე მიმდინარეობის ნაწილობრივი ჩამოწმენდის და სავალ ნაწილთან გამყოფ ზოლზე დამცავი ბადის მოწყობის სამუშაოების დაახლოებით 200 გრძ.მ სიგრძის მონაკვეთზე.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე, ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამცავი ბადის მოწყობასა და კლდის წმენდაში 4424000 ლარს გადაიხდის. ირკვევა, რომ აღნიშნული სამუშაოების მოკლე ვადაში არ ჩატარება საფრთხეს უქმნის საავტომობილო გზას, მგზავრებს, ავტომობილებს.
უახლესი