დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეღვინეობა „ჩელთის“ წარმატება იაპონიაში - კომპანია ახალ ბაზრებზე გადის

მეღვინეობა „ჩელთის“ წარმატება იაპონიაში - კომპანია ახალ ბაზრებზე გადის

25-02-2023 00:00:44

მეღვინეობა „ჩელთი“ ახალ სამიზნე ბაზრებზეც გეგმავს გასვლას. როგორ კომპანიის კომერციული დირექტორი Business Insaider Georgia-თან აცხადებს, ახლახან „ჩელთის“ 2018 წლის საფერავმა, იაპონიაში „საკურას“ გამოფენაზე ოქროს მედალი მიიღო.

„ორ კვირაში ჩავალთ ტოკიოში. იაპონიის ბაზარზე კომპანია უკვე წარმოდგენილია და ოქროს მედალი ავიღეთ გამოფენა „საკურაზე“. ეს ღვინო არის „ჩელთის“ 2018 წლის რეზერვი, რომელიც მალე ბაზარზეც გამოვა. იაპონიაში გაყიდვების გაზრდა გვსურს და ამ მიზნით პოტენციურ პარტნიორებსა და დისტრიბუტორებს შევხვდეთ. ბუნებრივია, მიღებული ჯილდო ამ მიზნის განხორციელებაში დაგვეხმარება. „საკურას“ გამოფენა პრესტიჟულია და იაპონიაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჯილდოებს“, - ამბობს ანა მირიანაშვილი.

ასევე კომპანია მონაწილეობას გეგმავს  ალკოჰოლური სასმელების პრესტიჟულ გამოფენებში  გერმანიასა და ჩინეთში.

„სამი წლის შემდეგ პირველად განახლდა აზიის ბაზარზე გამოფენები. მანამდე პანდემიის გამო ეს პროცესი შეწყვეტილი იყო. ვფიქრობ, გამოფენებში მონაწილეობა  სამომავლოდ კომპანიის გაყიდვებზე კარგად აისახება“, - აცხადებს „ჩელთის“ კომერციული დირექტორი.

ასევე  ცნობილია, რომ მეღვინეობა „ჩელთი“ სადისტრიბუციო ქსელს აფართოებს.

როგორც Business Insaider Georgia-ს კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა განუცხადა, „ჩელთი“ ფრანკფურტთან სადისტრიბუციო კომპანიას ფლობს, საიდანაც პროდუქციის მიწოდება ევროპის ბაზარზეა შესაძლებელი.

„ფრანკფურტთან,  სადისტრიბუციო  კომპანიის ტერიტორიაზე დასაწყობებულია გარკვეული რაოდენობის პროდუქცია, რომელსაც „ჩელთი“ აწარმოებს. ჩვენ შეგვიძლია ამ საწყობიდან შეკვეთის შემთხვევაში მიწოდება ნებისმიერ ქვეყანაში განვახორციელოთ“, - ამბობს ანა მირიანაშვილი.

მისივე თქმით, „ჩელთი“ ონლაინ გაყიდვების გაზრდის მიზნით პლატფორმას განაახლებს და ახალ სტრატეგიულ ბაზრებზეც გავა.

„ჩელთის“ ბრენდის ქვეშ 20-მდე დასახელების ღვინო და ორი დასახელების ჭაჭა 28 ქვეყანაში იყიდება.  ევროკავშირის ყველა ქვეყანაში გაგვაქვს გარკვეული მოცულობები. „ჩელთის“ ღვინო იყიდება გერმანიაში, ესპანეთში, იტალიასა და ბელგიაში, ჰოლანდიაში, ლიეტუვაში, ესტონეთში. ვიღებთ შეკვეთებს ევროკავშირის ქვეყნებიდან“, - აღნიშნავს კომპანიის კომერციული დირექტორი.

ამასთან, ანა მირიანაშვილი აღნიშნავს, რომ „ჩელთის“ სტრატეგიაა ბაზრების დივერსიფიკაცია.

„ჩვენი კომპანია არ არის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული. ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ევროპის, აზიისა და ამერიკის ბაზარზე. ამ ქვეყნებში გვაქვს გაყიდვების მნიშვნელოვანი სტატისტიკა“.

შეგახსენებთ, რომ THE WASHINGTON POST-მა „ჩელთის“ ღვინო მსოფლიოს იმ ხუთ ღვინოს შორის დაასახელა, რომელიც ყველამ უნდა გასინჯოს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები