დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მე ვარ ადგილობრივი მენეჯერი და სხვას ვერ ვუკარნახებ რა გააკეთოს - მესტიის მერი

მე ვარ ადგილობრივი მენეჯერი და სხვას ვერ ვუკარნახებ რა გააკეთოს - მესტიის მერი

26-10-2023 21:04:46

ენერგო პრო ჯორჯიას ისევ შეჩერებული აქვს მესტიაში და მიმდებარე სოფლებში ახალი აბონენტების რეგისტრაციის პროცესი. მესტიაში კერძო სასტუმროების მფლობელები ხშირად აცხადებენ რომ ე.წ. მაინერები, რომლებიც უკანონო მიერთებების გამო ჭარბ ენერგიას მოიხმარენ იქმნება ენერგოდეფიციტი, რის გამოც კარგავენ ტურისტებს. როგორ უნდა გადაჭრის ეს პრობლემა ამ თემაზე Business Insider Georgia მესტიის მუნიციპალიტეტის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს ესაუბრა.

როგორ ფიქრობთ, რა მექანიზმი არსებობს ე.წ მაინერების პრობლემის გადასაჭრელად და უშუალოდ თქვენ რის გაკეთება შეგიძლიათ?

ამ პრობლემის მოგვარება არ ხელმეწიფება. რომ შემეძლოს მაინერებს ელექტროქსელიდან გავთიშავდი. სამწუხაროდ, მათი გათიშვა ჩემს კომპეტენციაში არ შედის, თორემ დღესვე გავთიშავდი.

ე.წ. „მაინერების“ ელექტროენერგიის ქსელთან უკანონო მიერთებების პრობლემა ამ დრომდე ღიად რჩება. თუ მიმდინარეობს ამ კუთხით მუშაობა?

მექანიზმი ნამდვილად გამოსანახია. ამ საკითხს მე ვერ გადავწყვეტ სამწუხაროდ. ვარ ადგილობრივი მენეჯერი და რადგან ეს საკითხი ჩემს კომპეტენციაში არ შედის სხვას ვერ ვუკარნახებ რა გააკეთოს. შესაძლებელია მაინერების გათიშვა. არის გზები და უნდა გაითიშოს იმისთვის, რომ სვანეთი განვითარდეს. იმისთვის, რომ რეგიონში ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი განვითარდეს. ე.წ მაინერების პრობლემა ძალიან აფერხებს სვანეთში ტურიზმის განვითარებას.

„არ არის გამორიცხული, რომ ჭარბი მოხმარებისა და ე.წ. „მაინერების“ უკანონო მიერთებების გამო მესტიაში ზამთრის სეზონზე ავარიული ვითრება ისევ შეიქმნას  “, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ავთო დვალიშვილმა განუცხადა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო აბონენტები დღე-ღამეში მოიხმარენ 4,8 მილიონ/კილოვატსაათ ელექტროენერგიას. ამაში მესტიის მოხმარება არის 0,4 მილიონი/კილოვატსაათი ელექტროენერგია.

დაახლოებით ნახევარი მილიონი კილოვატ/საათი ელექტროენერგია -  ეს არის მხოლოდ მესტიის მოხმარება.

რასაც „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო აბონენტების 10%-ი ხარჯავს, ამ მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარს მხოლოდ მესტია.

კიდევ შედარებისთვის რომ გითხრათ, მესტია, იმდენ ელექტროენერგიას მოიხმარს, რასაც იგივე მოცულობის 20 მუნიციპალიტეტი. ამ მოხმარებას ვერ უძლებს ფიზიკურად იქ არსებული გამანაწილებელი ქსელი. ავარიების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ეს არის“, - ამბობს ავთო დვალიშვილი.

მისივე თქმით,  „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ მესტიაში ოპერირების საშუალება ამ დრომდე არ აქვს.

„კომპანიას მესტიაში ოპერირების საშუალება რომ ჰქონდეს დაახლოებით ორ თვეში შეძლებდა პრობლემის გადაწყვეტას“, - ამბობს დვალიშვილი.

იგივე თემაზე: 

მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარებას ქსელი ვერ უძლებს, არის ე.წ. „მაინერების“ უკანონო მიერთებები - „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავარიის მიზეზებზე

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები