ქართული ხელნაკეთი კერამიკისა და ჭურჭლის ბრენდის Orkol Studio-ს თანადამფუძნებელი, ცირა აბსანძე Business Insider Georgia- თან აცხადებს, რომ სამომავლოდ გეგმაში, კოლხეთის არქეოლოგიურ გათხრებში მოპოვებული, ისტორიული ორნამენტებისა და ელემენტების გაცოცხლების სურვილი აქვთ. „მოხდება ამ ორნამენტების თანამედროვეობაში გადმოტანა და მისი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. მთელი ჯგუფი ვმუშაობთ და მალე წარვდგებით მომხმარებლის წინაშე“, - ამბობს ცირა აბსანძე
როგორც ორკოლ სტუდიის თანადამფუძნებელი ამბობს, კერამიკა ძველი ტრადიციული (შავკრიალა) ტექნიკით მზადდება, რაც უნიკალურია და ავთენტურია ქვეყნის კულტურისთვის. „ჩვენი ნამუშევრები იქმნება ხელით, თითოეული დეტალი მუშავდება და იხატება ინდივიდუალურად. დამზადების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და დაახლოებით 10-დან 18 დღემდეა“, -ამბობს ცირა აბსანძე.
Orkol Studio მომხმარებელს დოქებს, თეფშებს, სასაჩუქრე ნაკრებებს სთავაზობს.
Orkol Studio-ს თანადამფუძნებელი რეგიონში არსებული ბიზნესების გამოწვევებზე საუბრობს. „ყველაზე დიდი გამოწვევა რეგიონში, კერძოდ ზუგდიდში, არსებული ბიზნესებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობაა, ტექნიკური თუ კომპიუტერული მომსახურება, რაც ბიზნესის განვითარებას აბრკოლებს.
ამასთან პროდუქციის შეფუთვა არის ყველაზე დიდი პრობლემა, მაგრამ ამის მიუხედავად 2023 წელი კომპანიისთვის ძალიან ნაყოფიერი იყო“.
ცირა აბსანიძე სახელოსნოს მომავალ გეგმებზეც საუბრობს,:“2024 წელს იმედებითა და დიდი გეგმებით შევხვდით“. სამომავლოდ Orkol Studio პროდუქტის ექსპორტზე გატანას გეგმავს, თუმცა ბრენდის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ „ამ ეტაპზე სახელოსნო მზად არ არის.“
სტუდია 1987 წელს კერამიკოს, რობერტ აბსანძეს მიერ დაფუძნდა, სადაც იქმნებოდა კერამიკული ჭურჭელი, სუვენირები და ინტერიერის დეკორის ნივთები. მოგვიანებით, კერამიკულმა სტუდიამ Orkol Studio-ს ბრენდით დაიწყო ოპერირება და წარმოადგენს საოჯახო ბიზნესს. ბიზნესი 5 ადამიანს ასაქმებს.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა