Lineate-ის მთავარი ტექნიკური ოფიცრის ჰარისონ გრინ ფიშბექის ინფორმაციით, კომპანია ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ორ სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაიარეს შერჩევის ეტაპი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა ორი საუკეთესო სტუდენტი, რომელთაც ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (KIU ) სწავლას Lineate 4 წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსებს.
,,მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და Lineate-ის პარტნიორობით სტიპენდია გადავცეთ 2 სტუდენტს. უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ მათ ექნებათ ჩვენს კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.
ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ჩვენთვისაც როგორც კომპანიისთვის, რადგან ასეთი გადაწყვეტილებების შედეგად Lineate კიდევ უფრო იზრდება. ტექნოლოგიების გარეშე რთულია და ფაქტობრივად, სტუდენტებისთვის განვითარების, კარიერული ზრდისა და წარმატებისკენ უკეთესი გზა ვერ წარმომიდგენია“, - განაცხადა ჰარისონ ფიშბექმა.
კომპანია Lineate Georgia-ს რეგიონული დირექტორის გიორგი ციკოლიას განცხადებით, საქართველოში IT ტექნოლოგიების სექტორი სწრაფად იზრდება.
„საქართველოს მასშტაბიდან გამომდინარე ქვეყანაში მილიარდი დოლარის მოცულობის ინდუსტრიის შექმნა 3 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი შედეგია. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ინდუსტრია კარგად ვითარდება. ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის საქმიანობის 18 თვის შედეგებით კმაყოფილი ვართ. იზრდება კომპანიაში თანამშრომლების რაოდენობა, ასევე მათი ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში. გვიხარია, რომ წვლილი შეგვაქვს განათლების სექტორში. საშუალება მივეცით სტუდენტებს შეიძინონ პროფესია და შეძლონ წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე“,- აცხადებს Lineate Georgia-ს ხელმძღვანელი გიორგი ციკოლია. მისივე თქმით, კომპანიაში პირველივე დღიდანვე არსებობს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შიდა კადრების მომზადება ხდება.
„ჩვენი კომპანიის თანამშრომლების 70% ამ პროგრამის კურსდამთავრებულია და ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. გადავწყვიტეთ, რომ ამ მიმართულებით კომპანია კიდევ გაფართოვდეს და კარი გაუხსნათ ყველა იმ სტუდენტს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს. სტუდენტების შერჩევა აპლიკაციით ხდება. პირველ სასწავლო კურსში მონაწილეობის სურვილი 600-მა სტუდენტმა გამოთქვა, საიდანაც 25 შევარჩიეთ. აქედან 6 ანაზღაურებად სტაჟირებაზე ავიყვანეთ. დღეს ისეთი რეალობის წინაშე ვართ, რომ მათ სრულ განაკვეთზე შევთავაზებთ სამსახურს“, - აცხადებს ციკოლია.
Lineate-ის შესახებ:
Lineate პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი. ამერიკული კომპანიის საქართველოს რეგიონული ოფისი 2022 წელს დაარსდა. Lineate პირველი კომპანიაა, რომელიც სახელმწიფო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმით - FDI გრანტით ისარგებლებს და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების შემდეგ კომპანია ინვესტირებული თანხის 15%-ს გრანტის სახით დაიბრუნებს.
KIU-ს შესახებ:
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 160 ჰექტარ მიწის ფართობზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020-2021 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. დღეისათვის უნივერსიტეტში 1 200-მდე სტუდენტი სწავლობს. KIU-ს პარტნიორია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM and TUM International).
უახლესი