2024 წლის მარტიდან კომპანია "ბიოდიზელი ჯორჯია" ლილოში, Green Hub-ის ტერიტორიაზე ბიოდიზელის საწარმოს მშენებლობას დაიწყებს, რისთვისაც 3 მლნ ევროს ინვესტიციის განხორციელებას ვარაუდობს.
როგორც Business Insider Georgia-სთან "ბიოდიზელი ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მურმან პატარაია განაცხადა, საწარმოს მშენებლობისთვის საჭირო თანხების ნაწილს კომპანია თავად დაფარავს, ხოლო ნაწილის მოძიებას ფინანსური ინსტიტუტებიდან უზრუნველყოფს.
„ბიოდიზელი ჯორჯიასთვის“ 2023 წელი იყო საკმაოდ წარმატებული. გასულ წელს დავასრულეთ დოკუმენტზე მუშაობა. მარტიდან ახალი გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა უნდა დავიწყოთ, რომელიც Green Hub-ის ტერიტორიაზე განთავსდება. 2023 წელი მთლიანად დავუთმეთ ტექნიკურ ეკონომიკურ კვლევას და მათ შორის დოკუმენტ ბრუნვას. დოკუმენტაცია მომზადდა და შეთანხმდა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. საწარმოს შესაძლებლობა ექნება წლიურ ჭრილში 3000 მეტრული ტონა ნედლეული გადაამუშაოს და მიიღოს შესაბამისი ბიოსაწვავი. ინვესტიცია იქნება ჩვენი და დავიხმართ ასევე ფინანსურ ინსტიტუტებს, საუბარია 3-დან 5 მლნ ევრომდე ინვესტიციაზე. თუმცა წინასწარ გათვლას მაინც 3 მლნ ევროს ინვესტიციაზე ვაკეთებთ“, - განაცხადა მურმან პატარაიამ.
"ბიოდიზელი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ საწარმოს ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ კომპანია ბიოდიზელის წარმოებას მთლიანად საქართველოში განახორციელებს.
„ნედლეულის შეგროვების კუთხითაც 2023 წელი ასევე წარმატებული იყო ჩვენთვის. მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 150 მეტრული ტონა ნედლეული შეგროვდა. გეტყვით, რომ შეგროვებული მასალიდან 10%-ის წარმოება ადგილზე, ჩვენს მცირე საწარმოში მოხდა, ხოლო დანარჩენის გადამუშავება ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან, გერმანიასა და პორტუგალიაში.
ახალი საწარმოს მშენებლობის დასრულებას 2024 წლის ბოლომდე ვარაუდობთ და შესაბამისად გადამუშავება/წარმოება 100%-ით უკვე საქართველოში განხორციელდება“, - აღნიშნა მურმან პატარაიამ.
ირკვევა, რომ 2024-2025 წლებში საპილოტე პროექტი განხორციელდება და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მუნიციპალური სერვისების განხორციელება სწორედ ბიოდიზელით მოხდება.
„მოგეხსენებათ, რომ დამტკიცდა კლიმატის სამოქმედო გეგმა, სადაც პირდაპირაა ნახსენებია კომპანია „ბიოდიზელი ჯორჯია“, ბიო საწვავის წარმოება და წარმოების წახალისება. ასევე წლის განმავლობაში უნდა შეირჩეს სატესტო მუნიციპალიტეტი, სადაც სწორედ ბიოდიზელზე მოხდება მუნიციპალური სერვისების გამწევი ტექნიკის მუშაობა. ეს იქნება ავტობუსი, ნაგავმზიდი თუ სხვა ტექნიკა სატესტო რეჟიმში გადავა ბიოდიზელის მოხმარებაზე. ანუ საწყის ეტაპზე მოხდება ერთ მუნიციპალიტეტში სატესტო რეჟიმში მუშაობა, საპილოტე პროექტი გაკეთდება, რომლის კოპირებაც შემდგომ, ეტაპობრივად, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში მოხდება.
ეს არის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილი. ახალი ქარხნის მშენებლობაც ამ სამოქმედო გეგმაშია გაწერილი. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტი , რომელიც მომზადებულია სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მხარდაჭერა, წახალისება და იმპლემენტაცია პროსექტორული თანამშრომლობით მოხდება“, - აღნიშნა Business Insider Georgia-სთან "ბიოდიზელი ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა.
სამხრეთ კავკასიაში პირველი სერტიფიცირებული საწარმო "ბიოდიზელი ჯორჯია" ბიოდიზელის მიღებას მეორეული მცენარეული და ცხოველური ზეთებისგან ახდენს, ხოლო წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს ძირითადად ჰორეკა სექტორიდან იბარებს.
ცნობილია, რომ „ბიოდიზელი ჯორჯია" ლილოში ახალ პროექტს Green Hub ახორციელებს, სადაც სამომავლოდ ბიოდიზელის ახალი გადამამუშავებელი საწარმოს გარდა თავს მოიყრის ყველა ის გადამამუშავებელი, რომელიც ნარჩენებიდან იწარმოება. ანუ Green Hub-ი ღია იქნება სხვა „მწვანე“ ბიზნესების.
აღსანიშნავია, რომ ევროპულ ქვეყნებში, ავტოგასამართ სადგურებზე დიზელის ტიპის საწვავი უკვე ბიოდიზელთან ბრენდირებული სახით იყიდება, სადაც ბიოდიზელის შემადგენლობა ნავთობდიზელში 7%-მდე აღწევს.
უახლესი
9 საათის წინ
კანადაში ექსპორტი 71%-ითაა გაზრდილი11 საათის წინ
რომელი ქვეყნებიდან ახდენს საქართველო ზეთის იმპორტს11 საათის წინ
ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა12 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა