მიმდინარე წელს გავხსენით საწარმო თბილისში, დასაქმებული გვყავს 15 ადამიანი. წარმოებას ვაფართოებთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სამკერვალო „ლიდერის“ დამფუძნებელმა, ნინო გიორგაძემ განუცხადა, რომელიც „ლიმოს“ ბრენდით საბავშვო სამოსს აწარმოებს.
„2024 წელს ვგეგმავთ, როგორც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას, ასევე სექტემბრიდან ადგილობრივ ბაზაზე დავიწყებთ საცალო გაყიდვების დაწყებას. გვაქვს კონკრეტული გეგმა. პირველი სამიზნეა თბილისი და შემდეგ ვგეგმავთ ეტაპობრივად მოვიცვათ რეგიონები. გვექნება სტენდები მოლებში, სადაც განთავსდება ჩვენი პროდუქცია. დავიწყეთ მარაგების შექმნა“, - განაცხადა ნინო გიორგაძემ.
მისი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მომხმარებელს სასკოლო კოლექციას შესთავაზებენ, რომლის დიზაინზე მუშაობა ახლახან დაასრულეს.
სოციალური საწარმო, სამკერვალო „ლიდერი“ 2016 წელს დაარსდა ქ. გორში. საწარმოს საქმიანობა ვრცელდება შიდა ქართლის ტერიტორიაზე და ემსახურება მთავარ მიზანს - მოწყვლადი ჯგუფის (სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული პირი, შშმ პირი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ.) წარმომადგენელ ქალთა გაძლიერებას. აღნიშნულის მისაღწევად, სოციალური საწარმო 3 წელზე მეტია, რაც სამიზნე ჯგუფს საკუთარი სახსრებით სთავაზობს ჭრა-კერვა-მოდელირებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერების მუდმივმოქმედ კურსს მომავალში დასაქმების პერსპექტივით. ამასთანავე, სოციალური საწარმო შემოსავლების 5%-ს მიმართავს დადებითი გავლენის მქონე სხვადასხვა ღონისძიებისაკენ, რაც ძირითადად ემსახურება ქალთა გაძლიერებასა და მხარდაჭერას.
„ლიდერი“ ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელმაც შეიმუშავა ტექსტილის ნარჩენების გადამუშავების სტრატეგია. სამკერვალო ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებით ქმნის სხვადასხვა პროდუქციას და ხელმძღვანელობს ნულოვანი ნარჩენის პოლიტიკით. „სასკოლო კოლექციით შევალთ საცალო ბაზარზე. შემდეგ გამოვიტანთ შემოდგომა-ზამთრის კოლექციას, რასაც მოჰყვება გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაა“, - ამბობს კომპანია „ლიდერის“ დამფუძნებელი.
უახლესი
18 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI20 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა