აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კორეის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს, ჩოო კიუნგ ჰოს შეხვდა.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თარაშ პაპასქუა.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო-კორეას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე, ქვეყანაში კორეული ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე. ამ მიმართულებით, ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ ორ ქვეყანას შორის შეთანხმებების მნიშვნელობას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარებისა და მიმდინარე რეფორმების თაობაზე.
კორეის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილს მიულოცა ADB-ის მომავალი წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მიღება და საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა.
უახლესი