ქვეყანას აქვს საკმარისი მონეტარული ბუფერი, რომ გაუმკლავდეს პოტენციურ შოკებს - ლაშა ქავთარაძე
11-11-2024 11:26:00
ზოგადად ვიცით, რომ სებ-ი ინტერვენციებს ახორციელებს მაშინ, როდესაც ლარზე არის ერთჯერადი შეტევები. ოქტომბერში წინასაარჩევნოდ ძალიან დიდი გაურკვევლობა იყო საზოგადოებაში და ამ გაურკვევლობის ფორმამ წარმოქმნა ის, რომ გარკვეულწილად შეტევა წამოვიდა გაცვლით კურსზე, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ანალიტიკოსმა ლაშა ქავთარაძემ ბანკირის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ განაცხადა.
მისი განცხადებით, აქტიურად დაიწყეს ლარის დაკონვერტირება უცხოურ ვალუტაში, ძირითადად ეს მსხვილი კონვერტაციები იყო და როდესაც ბაზარზე მსხვილი კონვერტაციები ხდება ამ შემთხვევაში სებ-ის მიერ განხორციელებული ინტერვენციები მიზანშეწონილია.
„ამის უკან დგას ის, თუ რა ეკონომიკური მოცემულობა გაქვს. წლის დასაწყისიდან მიმდინარე წლის 10 თვის ჩათვლით საკმაოდ მყარი ფუნდამენტალები გაქვს, ეკონომიკური ზრდა თითქმის ორნიშნაა, ინფლაცია დაბალია. ასევე, სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრები ნორმალურია და როდესაც ასეთი ძლიერი ფუნდამენტური ფაქტორები გაქვს, ეს ერთჯერადი შეტევები ნიშნავს იმას, რომ მომდევნო პერიოდში უნდა ველოდოთ იმას, რომ ასეთი შეტევები იქნება მინიმალური, მინიმუმამდე დაყვანილი და ამიტომ აქ მნიშვნელოვანია, რომ ეს ფუნდამენტური ფაქტორები იყოს შენარჩუნებული უკვე მომდევნო პერიოდში.
თუ დავინახავთ ჩვენ, რომ გაგრძელდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაგალითად საქართველოს პოტენციური ეკონომიკური ზრდის ტემპი დაახლოებით 5,5-6%-ის ფარგლებშია და თუ ამის ზემოთ იქნება ეკონომიკური ზრდა ეს ნიშნავს იმას, რომ ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ძლიერია“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.
მისი შეფასებით, გარდა ეკონომიკური ზრდისა, კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება სავალუტო შემოდინებები.
„და სწორედ სავალუტო შემოდინებები უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ სებ-მა ახლა დახარჯული რეზერვები შემდგომ პერიოდში შეავსოს. ახლა 4,1 მლრდ-ია საერთაშორისო რეზერვები, გაქვს სხვადასხვა საზომი, ერთია სსფ-ს არამეტრიკი და ამ არამეტრიკსთან ცოტა ჩამოცდენაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას არ აქვს საკმარისი მონეტარული ბუფერი, რომ გაუმკლავდეს პოტენციურ შოკებს“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.