რუსთავში საავტომობილო აკუმულატორებისა და საბურავების ნარჩენების გადამამუშავებელი მაღალტექნოლოგიური საწარმოების მშენებლობა იგეგმება. ინვესტიციის მოცულობა 30 მლნ ლარია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილის განმარტებით, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების ღირებულებათა ჯაჭვის ნაწილი, შპს „რეკსოლი“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მდგრადი განვითარების და ეკონომიკის სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით აქტიურად მუშაობენ ქვეყანაში გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის შექმნასა და აქ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე. პროექტის ინიციატორები მგვ ორგანიზაციები: საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „Wasteless“ , „თეგეტა გრინ პლანეტ“ და „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ არიან.
„პროექტის ფარგლებში, რომელიც საავტომობილო აკუმულატორებისა და საბურავების ნარჩენების გადამამუშავებელი მაღალტექნოლოგიური საწარმოების შექმნა-განვითარებას ისახავს მიზნად, შპს „რეკსოლ“ აქტიურად თანამშრომლობს ბანკებთან, რის შედეგადაც ჯამში აღნიშნულ პროექტში დაახლოებით 30 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება და დასაქმდება 50-მდე ადამიანი. ინფრასტრუქტურის მოწყობა რუსთავის ტერიტორიაზე იგეგმება და დაახლოებით ოთხ ნახევარ ჰექტარს დაიკავებს“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
სოლომონ პავლიაშვილის თქმით, საავტომობილო აკუმულატორების მიმართულებით, პროექტის კონტრაქტორი არის იტალიური კომპანია, შპს „ენჯიტეკი“, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს უმაღლეს ხარისხსა და გადამამუშავებელი ქარხნის შესაბამისობას საერთაშორისო, ევროპულ სტანდარტებთან.
ქარხნის წარმადობა წელიწადში 12 000 ტონა იქნება, რაც სრულად დაფარავს საქართველოს საჭიროებებს. პროექტის პირველი ეტაპი ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო ხელშეკრულების რატიფიკაციიდან 18 თვეში ქარხანა სრულიად დაიწყებს ფუნქციონირებას.
„საბურავების გადამუშავების მიმართულებით კი, დაგეგმილია შესაბამისი მანქანა/დანადგარების შეძენა თურქული კომპანიისგან. ქარხანა ხელშეკრულების რატიფიკაციის შემდეგ 8-12 თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოში ნარჩენების გადამუშავების პროცესსა და ხელს შეუწყობს ქვეყნის წრფივი ეკონომიკიდან ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლას.
მგვ ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არაკომერციულია, 2022 წლიდან ,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ზრუნავენ ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაზე ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ნარჩენების მდგრადი მართვისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების გზით. მგვ ორგანიზაციების, „Wasteless“, „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“, საერთო მიზანს საქართველოში ნარჩენების მდგრადი მართვის სისტემის დანერგვა და ქვეყანაში გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს. მათ მიერ განხორციელებული პროექტები, რომლებიც ისეთ გლობალურ მიზნებს ემსახურება, როგორებიცაა გარემოს დაბინძურების პრევენცია, გლობალურ დათბობაზე ზემოქმედების შემცირება და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას საქართველოში, რაც არამარტო გარემოს დაცვას, არამედ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასაც ემსახურება“, - აცხადებს სოლომონ პავლიაშვილი.
უახლესი
4 საათის წინ
1 ევროს დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7865 ლარია