იმ მეწარმეებისთვის, ვისაც პროდუქციის ექსპორტზე გატანა სურს, მთავარი გამოწვევა პირველ რიგში ინფრასტრუქტურაა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „მკისას“ კომერციულმა დირექტორმა გიორგი გუდაბანძემ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოდან ევროპის ბაზარზე ექსპორტს ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის პრობლემები აფერხებს.
„დღეს ლურჯი მოცვის ბევრი ბაღია გაშენებული და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის ჭარბი მოსავალიც კია, თუმცა არა გამომდინარე იქიდან, რომ მოსავლის რეალიზაციას ვერ ვახერხებთ, არამედ, არ გვაქვს დამხმარე ინფრასტრუქტურა, რათა მომხმარებელს პროდუქცია იმ სახით მივაწოდოთ, როგორი მოლოდინიც აქვთ.
აქ იგულისხმება სამაცივრე მეურმეობები, ტერმინალები, სახვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა, სადაც სამწუხაროდ იმ სახით ვერ ხდება პროდუქციის შენარჩუნება და იმ წესების დაცვა, რაც ლურჯი მოცვის ტრანსპორტირებისთვისაა საჭირო. ეს არის მიწოდების ცივი ჯაჭვის დაცვა სრულ ციკლში დაკრეფიდან რეალიზაციამდე.
ნუშის შემთხვევაში პრობლემა ასე მწვავედ არ დგას, რადგან ეს არ არის მალფუჭებადი პროდუქტი. თუმცა ლოგისტიკური პრობლემები აქაც იკვეთება.
საექსპორტო ბაზრებზე ტრანსპორტირებისას ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც პროდუქცია ფუჭდება. იმისთვის, რომ პროდუქტის ხარისხი შევინარჩუნოთ, ბიზნესის წარმომადგენლებს გვიწევს დამატებითი ხარჯების გაღება. ეს ნორმალურია, მაგრამ ვისურვებდი რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული იყოს და ამ მხრივ გაგვიმარტივდეს ტრანსპორტირების მთელი ციკლი და პროცესი“, - ამბობს „მკისას“ კომერციული დირექტორი გიორგი გუდაბანძე.
მეწარმე ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა ისიც, რომ ქუთაისის აეროპორტიდან კარგო - ტვირთების გადაზიდვა არ ხდება, რაც ექსპორტს აფერხებს.
„ჩვენ დასავლეთ საქართველოდან უნდა წამოვიღოთ თბილისის აეროპორტში ექსპორტისთვის პროდუქტი, რადგან ქუთაისის აეროპორტს აქვს კარგო სერვისი. მყისიერად უნდა მოხდეს პროდუქციის სამაცივრეში გადალაგება, რათა არ გაფუჭდეს. განსაკუთრებით სიცხეში პროდუქტი არ უნდა გაჩერდეს გარეთ, რისი უზრუნველყოფაც სამწუხაროდ დღეს ვერ ხდება.
ასევე პრობლემაა ის, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ვერ ვახერხებთ იგივე ევროკავშირსა და გალფის რეგიონში პროდუქციის გადაზიდვას, ვინაიდან არ არის სასაწყობე მეურნეობები, სადაც პროდუქციის დასაწყობება მოხდება. დღემდე დგას ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის პრობლემა, რადგან პატარა ბილიკია და დიდ კარგო თვითმფრინავებს აეროპორტი ვერ ემსახურება. ეს პროცესი დაძრულია, თუმცა არ ვიცით როდის ექნება ქუთაისის აეროპორტს კარგო ტერმინალი. ეს კრიტიკული საკითხია, რომლის გადაჭრაც ბევრ პრობლემას მოგვიხსნიდა ბიზნესის წარმომადგენლებს“, - ამბობს მეწარმე.
რაც შეეხება საქართველოდან კარგო გადაზიდვებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს ეს სერვისი. აეროპორტში სამი კარგო ტერმინალი ფუნქციონირებს. გარდა ამისა, ყველა მსხვილი ავია გადამზიდავი, რომელიც თბილისში ოპერირებს, რეისზე 2-3 ტონა კომერციული ტვირთის გადაზიდვას ახორციელებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კარგო ტერმინალის მშენებლობა რომ იგეგმება, ამის შესახებ 2023 წლის აპრილში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.
მანამდე ანალოგიური განცხადება გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
„18 თვეში ჩვენ უნდა გვქონდეს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომლის სიგრძეც იქნება 3,5 კილომეტრი და ეს ნიშნავს, რომ ყველა ტიპის ხომალდი შეგვიძლია მივიღოთ. ქვეყანამ უნდა განახორციელოს 85 მილიონი ლარის ინვესტიცია, რათა ქუთაისის აეროპორტმა სრულყოფილად შეასრულოს თავისი მისია“, - განაცხადა მინისტრმა.
თუმცა პოტენციური ინვესტორებისა და პროექტის დაწყების თარიღის შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი.
უახლესი
17 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება