2023-2024 წლის ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს საზეიმოდ იხსნება. როგორც Business Insider Georgia-სთან გუდაურში მდებარე სასტუმრო Best Western Gudauri-ს დამფუძნებელმა გიორგი კვიწინაშვილმა განაცხადა, გუდაური სეზონისთვის მზადაა, შესაბამისი თოვლიც არის, თუმცა პრობლემა შიდა გზებია.
„გუდაური აქტიური სეზონისთვის მომზადებულია, ფასები დამუშავებულია და თოვლის დიდი რაოდენობაც გვაქვს. თუმცა შიდა გზები არის დანგრეული და ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ. ამის გამო საცობებია და გადაადგილება რთულია.
ამ ეტაპისთვის მოთხილამურე სტუმრების რაოდენობა დიდი არ არის. გვყავს ჯგუფური ტურები, ძირითადად ინდუსები, ჩინელები და კორეელები არიან. საახალწლოდ სასტუმრო მთლიანად დატვირთულია, ახალი წლების პერიოდიც და ნელ-ნელა ჯავშნებიც შემოდის“, - ამბობს სასტუმროს მფლობელი.
გიორგი კვიწინაშვილის თქმით, ამ ეტაპზე Best Western Gudauri მხოლოდ უცხოელ სტუმრებს მასპინძლობს.
„ამ ეტაპზე ძირითადად უცხოელების ჯავშნები გვაქვს, ორშაბათს და სამშაბათს ქართველები ნაკლებად ჩამოდიან იმიტომ, რომ მუშაობენ. შესაბამისად არასამუშაო დღეებში ძირითადად უცხოელების ჯავშნებია და ისედაც ძირითადად ქართველებისთვის ეს კურორტი იმდენად გაძვირებულია, რომ ერთ დღით თუ ამოვლენ და ჩავლენ.
რაც შეეხება ფასებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის იდენტურია. ვერ ვაძვირებთ კონკურენციის გამო. იმდენი ბინები და სახლებია, რომ ფასები ვეღარ იმატებს. პირიქით უმეტესწილად ყველა ცდილობს დემპინგს და ფასების დაკლებას“, - აცხადებს გიორგი კვიწინაშვილი.
აღსანიშნავია, რომ 2023-24 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე, გუდაურში, დამსვენებლებს 2 ახალი საბაგირო კომპლექსი და ახალი სასრიალო ტრასა დახვდებათ.
საქართველოს 4-ვე სამთო-სათხილამურო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძიზე და მესტიაში, დამსვენებლები, 9 დეკემბრიდან, ეტაპობრივად შეძლებენ საბაგიროებითა და სასრიალო ტრასებით სარგებლობას.
უახლესი
2 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება