კომუნიკაციების კომისია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2024 წლის 8 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება. კერძოდ, IDFI-იმ ComCom-ს მოუწოდა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის ელექტრონული კომუნიკაციების ევროპულ კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანამდე, არ დაამტკიცოს ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია. კომისიისთვის გაუგებარია რა ინფორმაციაზე ან ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით გააკეთა ორგანიზაციამ მსგავსი განცხადება, მაშინ, როდესაც კომისიის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების მიღების სამართლებრივი საფუძველი, პირდაპირ არის განსაზღვრული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით.[1] აღნიშნული საფუძვლით, მეთოდოლოგიური წესები და პროცედურები დადგენილია კომისიის შესაბამისი ნორმატიული აქტით. სწორედ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ხდება არსებული ნორმატიული ბაზის განახლება და დახვეწა.
ზოგადად, კომუნიკაციების კომისია მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას კომუნიკაციების კომისიაში მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების, ოფიციალური თუ არაოფიციალური კონსულტაციების ფარგლებში. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს არ ჰქონდეთ მცდელობა, არაკონსტრუქციული მონაწილეობით თუ დაუსაბუთებელი განცხადებებით, ჩრდილი მიაყენონ კომუნიკაციების კომისიაში მიმდინარე ლეგიტიმურ, დარგისთვის აუცილებელ პროცესებს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საკმაოდ ხანგრძლივი არაოფიციალური კონსულტაციებისა თუ საჯარო ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში, IDFI არცერთ შეხვედრას დასწრებია და აღნიშნულ პროცესში კომენტარი არ გაუკეთებია.
კომუნიკაციების კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღების მიზნით.[2] საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმართება საჯარო კონსულტაციები, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოედგინა საკუთარი მოსაზრებები. ამ შესაძლებლობით ისარგებლეს კიდეც დაინტერესებულმა პირებმა და წარმოადგინეს არაერთი შენიშვნა და კომენტარი.
ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღების მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, კომუნიკაციების კომისიამ არაოფიციალური კონსულტაციები გამართა შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტზე. პროექტი გამოქვეყნებული იყო კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე და დაინტერესებულ პირებს 2023 წლის 10 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე ჰქონდათ შესაძლებლობა, წარმოედგინათ საკუთარი მოსაზრებები[3]. დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებების წარმოდგენის შემდეგ, კომუნიკაციების კომისიამ სამუშაო ფორმატში განიხილა მათი კომენტარები და ოფიციალური საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, აღნიშნული კომენტარების გათვალისწინებით დაკორექტირებულ პროექტის საფუძველზე დაიწყო. IDFI არცერთ ეტაპზე ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა, არ გაცნობია კომუნიკაციების კომისიის პოზიციას და არგუმენტაციას. ამ ფონზე, კიდევ უფრო გაუგებარია ორგანიზაციის დამოკიდებულება კომუნიკაციების კომისიაში მიმდინარე ლეგიტიმური, ინკლუზიური პროცესის მიმართ, რომელიც საბოლოო ჯამში სატელეკომუნიკაციო სექტორის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას ემსახურება.
საკითხის განხილვის მიზნით კომუნიკაციების კომისიაში 2024 წლის 14 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება საჯარო სხდომა, სადაც როგორც IDFI-ს, ისევე ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დაესწროს სხდომას და კომისიას საკუთარი მოსაზრებები წარმოუდგინოს.
[1] „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-12 პუნქტი და 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი
[2] https://comcom.ge/ge/regulation/sadjaro-konsultaciebi/sadjaro-gacnobisatvis-sadjaro-konsultaciebis-dawyebis-komentarebis-wardgenisa-da-zepiri-mosmenis-gamartvis-taobaze-bazris-konkurentunarianobisa-da-mnishvnelovani-sabazro-dzalauflebis-mqone-avtorizebuli-pirebis-gansazgvris-metodologiisa-da-procedurebis-dam.page
უახლესი
4 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა