დღეს, ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ და დავით მესტვირიშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადეს. ამის მიზეზი სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას გადაწყვეტილება გახდა. კერძოდ, 19 სექტემბერს სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.
არის თუ არა ეროვნული ბანკის საბჭო ქმედითი, სებ-ის ორი ვიცე-პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ
საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 9 წევრისაგან შედგება. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში ამ დრომდე 2 ვაკანტური თანამდებობა იყო, რომლებზე ასარჩევადაც სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ივნისში გიორგი ბაქარაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა. ამ კანდიდატურებს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. მოგვიანებით, 14 სექტემბერს პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრებად 14 სექტემბერს ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები წარუდგინა.
ამ დრომდე საბჭოში 7 წევრი იყო. საბჭოს თავმჯდომარე, სებ-ის პრეზიდენტია; საბჭოში იყო სამი ვიცე-პრეზიდენტი: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა, რომელთაგანაც დღეს გადადგომის შესახებ ორმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა.
ახლა ეროვნული ბანკის საბჭოში რჩება სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა და 4 არააღმასრულებელი წევრი: ნათია თურნავა, რომელიც პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტმა გასული წლის 7 ივნისს აირჩია, ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტარი და ეკატერინე გალდავა.
რა შემთხვევაში იქნება ეროვნული ბანკის საბჭო ქმედითი?
„ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება 9 წევრისაგან. თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. ამ შემთხვევაში ვაკანსია უნდა შეივსოს ამ ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 2 თვისა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში.
კანონის თანახმად, ამ დროისთვის ეროვნული ბანკის საბჭო ქმედითუნარიანია, რადგან 5 წევრისგან შედგება.
ეროვნული ბანკის ვებგვერზე არსებული ინფორმაციით 2023 წლის დეკემბერში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ვადა ეწურება რობერტ სინგლეტერს, ამასთან, პარლამენტი ვალდებული იქნება აირჩიოს საბჭოს მინიმუმ ერთი წევრი, იმისთვის, რომ სებ-ის საბჭო კვლავ ქმედუნარიანი იყოს.
ამასთან, დავით მესტვირიშვილს საბჭოში ყოფნის ვადა 2023 წლის დეკემბერში ეწურებოდა, ხოლო პაპუნა ლეჟავას 2025 წლის დეკემბერში.
უახლესი