2024 წელს ვგეგმავთ მსგავსი ტიპის მაღაზიის გახსნას თბილისში, როგორიც ბათუმში გავხსენით და ასევე რა თქმა უნდა ექსპორტის მიმართულებით გაფართოებას, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საწარმოს ხელმძღვანელმა თამარ გაბეჩავამ განუცხადა.
„კერკმა 2023 წელი წარმატებით დაასრულა. ბათუმში გავხსენით პირველი საფირმო მაღაზია, სადაც წარმოდგენილი გვაქვს სხვადასხვა სახეობის ჩირი, ჩურჩხელა, ცუკატი და ტყლაპების ნაისახეობა“, - ამბობს თამარ გაბეჩავა.
„კერკის“კომერციული დირექტორის ესმა ხალვაშის ინფორმაციით, 2024 წელს კერკი ძალიან ბევრი სიახლით ეგებება.
„გარდა ტრადიციული თხილისა და ნიგვზის ჩურჩხელისა, დავამზადეთ ნუშის ჩურჩხელა და ალუბლის ფელამუშში ამოვლებული ჩურჩხელა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასევე ჩვენი ექსკლუზიური პროდუქციაა ალკოჰოლში დამზადებული ალუბალი, მარწყვი და წყავი. შესანიშნავი სიახლეები გვაქვს ბოსტნეულის მიმართულებით და ლუდის მოყვარულთათვის გვაქვს ბოსტნეულის ჩირები, სტაფილოს, ჭარხლის, პომიდვრისა და მჟავე კიტრის, რომელიც იდეალური სასუსნავია“, -ამბობს ესმა ხალვაში .
ცნობისთვის, ჩირის მწარმოებელი საწარმო ,,კერკი" ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში მდებარეობს. კომპანია ქართველ მომხმარებელს ჩირს, ტყლაპს, ცუკატებს და ჩურჩხელას სთავაზობს.
საწარმო 2021 წლის დეკემბერში ამოქმედდა და სეზონურად 40-მდე ადამიანს ასაქმებს. პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტი 700 000 დოლარია.
კომპანიის მიერ ინვესტირებული თანხის და ბანკის სესხის გარდა, პროექტის თანადაფინანსება სახელმწიფო პროგრამების და საგრანტო პროექტების ფარგლებში განხორციელდა.
ცნობისთვის, კერკი ძველქართული სიტყვაა, რომელიც საქართველოს რამდენიმე რეგიონში ახლაც გამოიყენება და მზეზე გამშრალ კურკოვან ხილს ნიშნავს.
უახლესი