ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ სან პაულოში, კომპანია "Locoporvino"-ის ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ქართული ღვინის კომპანიებმა "Pro Wine"-ის ღვინის უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში - "International Trade Fair for Wines and Spirits" პირველად მიიღეს მონაწილეობა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე, რომელსაც მსოფლიო ცნობილი სომელიები, ღვინის ექსპერტები, რესტორნების, სადისტრიბუციო კომპანიებისა და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებიან, საქართველოს ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა ქართულ პავილიონში ქართული ღვინით დაინტერესებულ მცირე და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ზურა მჭედლიშვილმა დამსწრე აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს, როგორც უძველესი კულტურისა და ისტორიის ქვეყნის შესახებ. პრეზენტაციაში ელჩმა ქართული ღვინის წარმოების 8000 წლიან ისტორიასა და უნიკალურ მეთოდებზე ისაუბრა.
ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი იყვნენ შემდეგი ქართული კომპანიები: შილდა, ფალავანი, შატო მუხრანი, GWS, დუგლაძე და ასკანელი. გამოფენას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საელჩოს მრჩეველი, ვასილ კუჭუხიძე და ზემოხსენებული ქართული კომპანიების წარმომადგენლები.
აღნიშნული გამოფენაში 10 ათასზე მეტი დამთავლიერებელი იღებს მონაწილეობას.
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მადლობას უხდის ღვინის ეროვნულ სააგენტოს და კომპანია "Locoporvino"-ს ხელმძღვანელებს ანდრე და კარლა ბაადერებს პროექტის ხელშეწყობისთვის, რომელიც მიზნად ისახავს, საზღვრებს გარეთ საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლო ქვეყნის, შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და ქართული ღვინის საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდას.
სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ბრაზილიაში ექსპორტზე 20.88 ათასი დოლარის ღირებულების 5,620.50 ლიტრი ღვინო შევიდა. 2023 წელს ბრაზილიაში ქართული ღვინის ექსპორტი არ განხორციელებულა.
უახლესი