ქართული ტრადიციული სოუსებისა და საწებლის ბრენდი ,,პოპორელი“ ცოტა ხნის წინ, საქართველოს ელჩის თეიმურაზ ლეჟავას კეთილი ნებით იაპომიის ბაზარზე გამოჩნდა. არ არის გამორიცხული, ქართველი ელჩის ინიციატივა ბიზნესისთვის ბიძგის მიმცემი გახდეს და ,,პოპორელი“ იაპონიის ბაზარზეც აღმოჩნდეს.
როგორც ,,პოპორელის“ შემქმნელი, კომპანია ,,კეთილი და პატიოსანის“ ხელმძღვანელი გიორგი ახალაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, ,,პოპორელის“ იაპონიაში ექსპორტზე აქამდე არ უფიქრიათ, თუმცა შანსი თუ ექნებათ, აუცილებლად გამოიყენებენ და ტრადიციული ბაზრებთან ერთად, არ გამორიცხავენ, ეს მიმართულებაც დაიგეგმოს.
„იაპონიის ბაზარზე აქამდე არ გვიფიქრია. ჩვენთვის უცხო ქვეყანაა იმდენად, რომ არ ვიცით, კონკრეტულად ამ სეგმენტში რა პრიორიტეტი აქვთ. მიუხედავად ამისა, რეალური შესაძლებლობა თუ გაჩნდება და გამოიკვეთება ინტერესები, რატომაც არა, ვიფიქრებთ იაპონიაში ექსპორტზეც.
დღესდღეობით ჩვენ უფრო ტრადიციულ ბაზრებზე მივილტვით, სადაც ქართული საწებელი ცნობილია. ამ ეტაპზე იაპონიაში ,,პოპორელი“ გამოჩნდა ჩვენი ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას ინიციატივით. ითხოვა, რომ დავკავშირებოდით ქართველი მწარმოებლები, რასაც გამოვეხმაურეთ და მივაწოდეთ ნიმუშები, ჯერჯერობით ასეა, როგორი გაგრძელება ექნება ამ პროცესს, მომავალში გამოჩნდება“, - ამბობს გიორგი ახალაძე.
ამ დროისთვის „პოპორელის“ მწარმოებლებს საწებლების 30-მდე რეცეპტი აქვთ, აქედან 9 პროფესიონალურ დონეზეა დამუშავებული.
მწარმოებლის ინფორმაციით, ახალი გემოების მოძიება გაგრძელდება მანამდე, ვიდრე საქართველოს სრული პოტენციალი არ გამოვლინდება და არ შეიქმნება ახალი ქართული, განსაკუთრებული გემოვნური ხელწერის მრავალფეროვანი სოუსები და საწებლები. „პოპორელის“ წლიური წარმოება 1 მილიონ ბოთლს შეადგენს, რომელიც დროთა განმავლობაში, მოთხოვნის შესაბამისად გაიზრდება.
უახლესი