ზაფხულის სეზონიდან უკვე ატირაუს მიმართულება დაგვემატება, - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე, რომელიც რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Air Astana-ს მიერ ახალი მიმართულების დამატებას გამოეხმაურა.
ყაზახური ავიაკომპანია ატირაუ-თბილისი-ატირაუ-ს საჰაერო ხაზზე ოპერირებას 27 მაისიდან იწყებს. ავიაკომპანია ატირაუ-თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.
გარდა ამისა, ცენტრალური აზიის უმსხვილესი ავიაკომპანია Air Astana ალმათიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულის სეზონზე, კვირაში 9 სიხშირით შეასრულებს. ოთხშაბათსა და შაბათს ავიაკომპანია საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით დღეში ორჯერ იფრენს.
ივნისიდან განახლდება სეზონური ფრენები ალმათი-ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ხოლო ივლისი-აგვისტოს პერიოდზე ავიაკომპანია სიხშირეების ზრდას კვირაში 5-მდე განიხილავს.
Air Astana, ასევე ივნისიდან განაახლებს ფრენებს, თბილისსა და ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას შორის კვირაში სამი სიხშირით.
რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ქუთაისიდან ყაზახეთში ფრენებს 5 ქალაქის მიმართულებით Air Astana-ს შვილობილი ავიაკომპანია დაბალბიუჯეტური FlyArystan ასრულებს. ზაფხულის სეზონზე კი ყაზახეთის მიმართულებით და პირიქით, რეისების რაოდენობა კვირაში 10 სიხშირიდან 17-მდე გაიზრდება. FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასტანადან, ალმათიდან, ატირაუდან, აქტაუდან და შიმკენტიდან ახორციელებს.
„წლევანდელი წლის ზაფხულის სეზონიდან უკვე ატირაუს მიმართულება დაგვემატება. რა თქმა უნდა ძალიან გვიხარია ევროპის სხვადასხვა დედაქალაქების ხსენება, თუმცა ბოლო 3-4 წელს თუ შევხედავთ გაირკვა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის მიმართულება და ქუთაისში FlyArystan -მა სწორედ შუა პანდემიის პერიოდში დაიწყო ფრენები. მთელი გუნდი სკეპტიკურად იყო განწყობილი, რადგან არ ველოდი ასეთ წარმატებას. დღეს უკვე 5 მიმართულებიდან არის ქუთაისში ფრენები და ვხედავთ, იმდენად დიდ მოთხოვნას, რომ თბილისშიც გახდა დამატება საჭირო. ეს თბილისისთვის ახალი მიმართულებაა. რასაც ვაკვირდებით, ასევე ქუთაისის და თბილისის აეროპორტები ერთმანეთის კანიბალიზაციას არ ახდენენ. იქნება სრულიად ახალი სეგმენტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ბაზრის პოტენციალსა და სიჯანსაღეზე მიუთითებს. პირველ ეტაპზე იქნება კვირაში ორი სიხშირე და ზაფხულში გეგმავენ უკვე, რომ სამ სიხშირეზე ავიდნენ. დამოკიდებულია რა თქმა უნდა მოთხოვნაზე. თუმცა ეს კიდევ ერთი წარმატება არის და მე ჩვენი ქართული ავიაციის მომავალს და ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ბაზარს რა თქმა უნდა ევროპასთან და ახლო აღმოსავლეთთან ერთად, ცენტრალურ აზიაშიც ვხედავ. იმიტომ, რომ ამ მიმართულებას, დიდი პოტენციალი გააჩნია და ისე არ გვაქვს ათვისებული, როგორც ევროპა და ახლო აღმოსავლეთი. ამიტომ, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ბაზრების დივერსიფიკაცია იმისთვის, რომ სტაბილურობა ვაჩვენოთ. აქედან გამომდინარე, ესეც ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება“, - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი.
ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება და მეტი მიმართულების ათვისება.
„ჩვენ რა თქმა უნდა აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა. ზოგიერთის შეფასებით, ეს პრობლემური რეგიონია. ზოგი ისე უყურებს, ზოგი ასე. მაგრამ ყველა გამოწვევას აქვს თავისი უპირატესობაც და ჩვენ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა მივიწევთ ევროპისკენ, მაგრამ ჩვენი ლოკაცია არის, ჩვენ ვართ ხიდი ევროპასა და აზიას შორის. სატრანზიტო მიმართულებითაც საინტერესოა - სამგზავრო გადაზიდვები იქნება, თუ სატვირთო გადაზიდვები, კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის სწორად უნდა გამოვიყენოთ და სწორი პოლიტიკა, რომელიც გვაქვს ჩვენ დაგეგმილი და მივყვებით სტრატეგიულად გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ცენტრალურ აზიას ძალიან მალე, ძალიან აქტიურად ავითვისებთ“, - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.
უახლესი
8 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო9 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა9 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე