საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი ყოველთვის განპირობებული იყო ევროპული მისწრაფებებით და კანდიდატის სტატუსი, კიდევ ერთ ბიძგს, ძლიერ მოტივაციას აძლევს ქვეყანას, რათა გაგრძელდეს რეფორმები ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას.
ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ ფორუმის ჩატარების მნიშვნელობას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ.
გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა ბოლო 2 წლის განმავლობაში და მიმდინარე წელს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების მიმართულებით. მისი თქმით, ქვეყანამ რეკორდულად მოკლე დროში მიაღწია ფისკალური პარამეტრების მნიშვნელოვან კონსოლიდაციას.
„ჩვენი საშუალოვადიანი ფისკალური პოლიტიკა, მიზნად ისახავს ყველა პარამეტრის ჯანსაღ დონეზე შენარჩუნებას. საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ფისკალურ დისციპლინას იცავს, რომლის პირობებშიც კერძო სექტორი ყოველთვის მიიჩნეოდა ეკონომიკური განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად. ამგვარად, მთავრობა ინვესტირებას ახორციელებს რეფორმებში, რომლებიც ხელს უწყობს ეფექტურობის ზრდას, ბიზნესის კეთების გამარტივებას, ისევე, როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც მხარს უჭერს ქვეყნის, როგორც სატრანზიტო, ლოგისტიკის, ტურიზმისა და ბიზნესცენტრის პოტენციალის ათვისებას. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში, შუა დერეფნის მარშრუტებზე მოთხოვნის მატებასთან ერთად. ამრიგად, ჩვენ ფისკალურად მდგრადი გზით ვახორციელებთ ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალში, საჯარო ფინანსების მართვასა და ჯეროვან მმართველობაში, ასევე, მწვანე და უსაფრთხო ენერგეტიკულ სექტორში და მდგრად, გრძელვადიან ინფრასტრუქტურაში ისეთი პროექტებით, როგორიცაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის მშენებლობა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და სხვა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
იგი, ასევე, შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხს და განაცხადა, რომ ქვეყანა იცავს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას და აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა (აშშ) და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებებთან სანქციების განხორციელების უზრუნველსაყოფად.
როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, მთავრობა განაგრძობს ქვეყნის ბიზნესგარემოს დამატებით მიმზიდველობაზე ზრუნვას, სხვადასხვა სექტორში რეფორმების განხორციელებით. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქმიანი და სავაჭრო ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა