დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კადრების სიმცირემ ბიზნესის ყველა სხვა პრობლემა გადაფარა - ლევან ვეფხვაძე

კადრების სიმცირემ ბიზნესის ყველა სხვა პრობლემა გადაფარა - ლევან ვეფხვაძე

09-10-2023 17:47:52

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგების მიხედვით, ყველაზე მეტად ბიზნესს კვალიფიციური კადრისა და სამუშაო ძალასთან დაკავშირებით უჭირს.

როგორც აღმოჩნდა, 2023 წლის მესამე კვარტალში, ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა და ყველაზე მნიშვნელოვან ხელის შემშლელ ფაქტორად მიიჩნევა, ბოლო რამდენიმე კვარტალია. თუმცა ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა, ისევე როგორც მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი, ყველა სექტორში დადებითად შეფასდა.

უფრო ვრცლად, რა აწუხებს ბიზნესს, როგორია სექტორის მოლოდინები და კადრების გარდა, რა ქმნის პრობლემას, Business Insider Georgia - თან ლევან ვეფხვაძე განმარტავს.

მისი თქმით, გარკვეული გამოწვევები არის, თუმცა კვალიფიციურ კადრთან დაკავშირებულმა საკითხმა ყველა სხვა პრობლემა გადაფარა.

„კვლევაში მოსალოდნელი იყო, რომ კადრების კუთხით გაუარესდებოდა ვითარება. ბოლოს 3-4 კვარტალია, კომპანიები მუდმივად გაიძახიან, რომ  პრობლემა აქვთ სამუშაო ძალასთან დაკავშირებით, რაც განსაკუთრებით კვალიფიციურ კადრს ეხება. აქედან გამომდინარე, პროგნოზირებადი იყო ეს თემ. ყოველდღიურად უფრო გამწვავდება ეს საკითხი, ვინაიდან ახალი საინვესტიციო პროექტებია, კომპანიები ცდილობენ, გააფართოონ წარმოება და ამ დროს წარმოდგენილი არ არის შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანი სამუშაო ბაზარზე, რაც ბიზნესის განვითარებას აფერხებს. აქედან გამომდინარე, პრობლემა მწვავდება და კომპანიების გაფართოების სურვილთან წინააღმდეგობაშია“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

მისი თქმით, კადრებთან დაკავშირებული საკითხი ყველაზე მწვავედ დგას მშენებლობის სფეროში.

„ცხადია, არც სხვებს ულხინთ, მეტნაკლებად ყველა სეგმენტს ეხება ეს პრობლემა. საბოლოო ჯამში, რასაც ვუყურებთ, ტრენდია  გრძელდება. საინვესტიციო აქტივობები შეიმჩნევა და ამ დროს ბიზნესს კადრების პრობლემა დიდ ბარიერს უქმნის. მოულოდნელი სიახლე ნამდვილად არ ყოფილა. ვალუტის კურსთან დაკავშირებული პრობლემის აქტუალურობამაც დაბლა დაიწია,  წნეხი რაც ფიქსირდებოდა, დავუშვათ, 2020 წელს, კოვიდის დროს, როცა მოთხოვნა კომპანიების სერვისებზე დაბალი იყო, ეს პრობლემა  ნამდვილად აღარ დგას დღის წესრიგში. ეს ეხება გაცვლით კურსსაც, დღეს კი ბიზნესს ყველაზე მეტად სამუშაო ძალასთან დაკავშირებით უჭირს. რა თქმა უნდა, არის სხვა პრობლემებიც, მაგრამ ამ საკითხმა გადაწონა“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

ერთ-ერთი საკითხი, რასაც ბიზნესი ასევე მიიჩნევს პრობლემად, BAG  -ის კვლევის მიხედვით, ადმინისტრაციულ ბარიერს უკავშირდება.

„ადმინისტრაციულ ნაწილში ძირითადად  მარეგულირებელი გარემოა, რაც აქამდეც პრობლემა იყო, ვინაიდან ახალ-ახალი რეგულაციები შედის ძალაში და შესაბამისად, ეს წნეხი მარეგულირებელ კომპანიებზე იზრდება. ბუნებრივია, როცა ვალდებულება უწესდება ბიზნესს, მას უწევს შესაბამისად გადაწყობა, რაც  არ არის იაფი, გარკვეულ დანახარჯს მოითხოვს. მით უმეტეს, როცა  რამდენიმე რეგულაცია ერთად შემოდის დროის დაახლოებულ მონაკვეთში, კომპანიებისთვის მნიშვნელოვნად იზრდება ხარჯი.  ამიტომ ამ რეგულაციების მიმღებლობა პრობლემა, რადგან ფინანსურ ნაკადზე ზეწოლაა“, - განმარტავს ლევან ვეფხვაძე Business Insider Georgia - თან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG-მ ინდექსის მესამე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა. პოზიტიური შეფასებებისა და ოპტიმისტური განწყობების მიუხედავად, მიმდინარე კვარტალში გამოკითხული კომპანიები, ასევე, საუბრობენ გამოწვევებზე, რომელიც ხელს უშლის მათ ბიზნესსაქმიანობას.

2023 წლის მესამე კვარტალში, კიდევ უფრო გამწვავდა კადრების დეფიციტის პრობლემა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ხელის შემშლელ ფაქტორად მიიჩნევა ბოლო რამდენიმე კვარტალია.

ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე 2023 წლის მესამე კვარტალში,  გამოკითხული ბიზნესის 45% საუბრობს, რაც 9%-ით ნაკლებია წინა კვარტლის მონაცემებზე.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები