დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კადრების დეფიციტი მშენებლობის გაძვირების მთავარი ფაქტორია - ,,არსის“ გენერალური დირექტორი

კადრების დეფიციტი მშენებლობის გაძვირების მთავარი ფაქტორია - ,,არსის“ გენერალური დირექტორი

06-10-2023 20:00:13

ეკონომიკური ზრდა და კადრების დეფიციტი მთავარი ფაქტორებია, რაც მშენებლობის ინდექსში ადეკვატურად აისახა და ზრდა გამოიწვია.

კომპანია ,,არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე ოფიციალურ სტატისტიკას Busness Insider Georgia - თან აფასებს და აცხადებს, რომ სექტორში ხელფასები გაიზარდა, რაც თავის მხრივ ეკონომიკის ზრდას და კადრებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევას უკავშირდება.

ორთოიძის თქმით, განსაკუთრებით პროფესიული კადრი არის დეფიციტი, რის მოგვარება პროფესიული გადამზადების პროგრამების გარეშე შეუძლებელია.

„ზოგადად არა მარტო ჩვენს სფეროში, ნებისმიერ დარგში მსგავსი სიტუაციაა. ეკონომიკური ზრდის პარალელურად ხელფასების იზრდება, რაც ლოგიკურია. თუმცა მშენებლობის სექტორში ამას სხვა ფაქტორებიც ემატება. არაერთხელ გვითქვამს, რომ შრომითი რესურსი საკმაოდ დეფიციტურია. შესაბამისად, ამ დეფიციტის  ფონზე თვიდან თვემდე ზრდა ფიქსირდება.

როცა კადრის მოძიება ჭირს, შესაბამისად, სახელფასო განაკვეთიც მატულობს. თუმცა კატასტროფული მაჩვენებლები არ არის. ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა გადის პროფესიული გადამზადების კურსებზე, რომ მოხდეს კადრების მომზადება, სტაჟირება და სხვა, მაგრამ უმეტესად მენტალურ პრობლემას ვაწყდებით.

ხშირად ადამიანის ოჯახის წევრები იღებენ გადაწყვეტილებას, პოპულარული პროფესიები აირჩიონ, ხოლო კურსდამთავრებულები ვერ იწყებენ სამსახურს საკუთარი პროფესიით, ზოგიც არაპროფილურ საქმიანობაში ებმება, მათ შორის, მშენებლობაში საქმდება და აგროვებს გამოცდილებას. სხვადასხვა დარგში არის ეს პრობლემა, ამ მხრივ მარტო საქართველოს არ უჭირს“, - ამბობს ბესო ორთოიძე.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.0 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.6 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.6 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 10.9 პროცენტით.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები