დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ არის Tesla-ს Gigafactory-ის ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მენეჯერი

ვინ არის Tesla-ს Gigafactory-ის ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მენეჯერი

06-11-2023 20:00:56

უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი კომპანიის Gigafactory-ი ერთ-ერთი საწარმო გერმანიაში, კერძოდ ბერლინში მდებარეობს და მისი ქართველი მენეჯერი 26 წლის ზუკა ბაქრაძეა, ის პირველი ქართველია, რომელიც მენეჯერის პოზიციაზე ილონ მასკის მიერ დაფუძნებულ Tesla-ში მუშაობს.

Business Insider Georgia დაინტერესდა, თუ როგორ მოხვდა ზუკა ბაქრაძე ილონ მასკის კომპანიაში.

როგორც ზუკა ბაქრაძე ამბობს, მან Tesla-ს Gigafactory-ი მოხვედრა პირველად 2022 წლის თებერვალში სცადა, თუმცა უშუალოდ კომპანიის ჯგუფს ერთი წლის შემდეგ შეუერთდა.

როგორია ზუკა ბაქრაძის წარმატების გზა, მან ამ თემაზე Business Insider Georgia-თან ისაუბრა.

  • როგორ მოხვდით Tesla-ს Gigafactory-ში და რა ეტაპები გაიარეთ?

ამ კომპანიასთან პირველი კონტაქტი მქონდა 2022 წლის თებერვალში, როცა გლობალური მიწოდების ანალიტიკოსის პოზიციაზე ინტერვიუზე დამიძახეს. ეს იყო 4 თვიანი პროცესი, რაც COVID19-ის პანდემიის გამო დროში გახანგრძლივდა. 6 ინტერვიუ მქონდა და ბოლო ინტერვიუზე უარი მითხრეს. თუმცა არ დავნებდი, ვიცოდი, რომ ყველა ვარიანტში ამ კომპანიაში უნდა მოვხვედრილიყავი. Tesla-ს Gigafactory-დან მიღებული უარის შემდეგ 2 სამსახური შევიცვალე. 2023 წლის თებერვალში Gigafactory-ში გასაუბრებაზე ისევ დამიძახეს, რადგან რამდენიმე პოზიციაზე მქონდა განაცხადი გაგზავნილი. ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი პატარა გამოცდილებით ასეთ პოზიციაზე უნდა მივსულიყავი გასაუბრებაზე. გავიარე 6 ინტერვიუ სხვადასხვა ადამიანებთან გერმანიაშიც, ამერიკაშიც. ამ დროს პანდემია დასრულდა და დაახლოებით 1,5-2 თვეში გამომიგზავნეს შემოთავაზება და 2023 წლის აპრილიდან დავიწყე მუშაობა.

  • იყო თუ არა ეს თქვენი საოცნებო სამსახური?

სკოლისა და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ არ ვიყავი ჩამოყალიბებული, რა იყო ჩემი Dream Job-ს (საოცნებო სამსახური). ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ჩემი Dream Job. ეს არის ნამდვილად ის სამსახური, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს რაც კი აქამდე მქონია, რადგან არანაირ ჩარჩოებში არ ხარ. ბევრნაირი სტრატეგიული რაღაცის გაკეთება შეგიძლია. ალბათ ზუსტად ის არის ამ განწყობის მიზეზი, რომ მუშაობა თავიდან სტაჟირებით დავიწყე ჰოსპიტალიტის თიმში, დიზაინ ჰოტელში. მერე გადავედი ფრეშ რითეილ ონლაინ კომპანიაში, შემდეგ ვმუშაობდი შესყიდვებში, არ მომწონდა ზოგადად ეს სფერო ზოგადად. შემდეგ კიდევ შევიცვალე სექტორი და გადავედი E-კომერსში. ბოლოს კი აღმოვჩნდი აქ და ყველა ამ განსხვავებული სამსახურებიდან და მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე ვცდილობ გავიგო რა მომწონს და რა არ მომწონს. იმედი მაქვს, რომ დაახლოებით 30 წლის ასაკში უკვე ჩამოვყალიბდები რა იქნება ჩემთვის Dream Job. მანამდე დიდად არ ვფიქრობ ამ ყველაფერზე. ასე ბუნებრივად მივყვები და ვცდილობ, რომ თავს დავაჯერო, რომ ის სამსახური რაც იმ მომენტში მაქვს არის Dream Job.

  • როგორ აფასებთ კომპანიის კორპორაციულ კულტურას?

თვითონ კულტურას რაც შეეხება, ჩემთვის იდეალურია. იმდენად საინტერესო ადამიანებთან მიწევს მუშაობა, რასაც ახლა ვგრძნობ, აქამდე არ განმიცდია. მართლა ვერ გრძნობ სამსახურში დრო როგორ გადის, სულ სიახლეებია. ჩემთვის ეს იდეალურია, სხვებისთვის შეიძლება ეს გრაფიკი გადატვირთული იყოს. შესაძლოა, პარასკევი საღამო ისევ სამსახურში გავატარო, ამას არავინ მაძალებს, მაგრამ თავისთავად მიჩნდება პასუხისმგებლობა, რომ ეს არ არის უბრალო სამუშაო და მასზე ბევრი რამეა დამოკიდებული. აქ სპეციალისტები გუნდურად მუშაობენ, ძალიან კოლაბორაციული გარემოა და ეს ჩემი აზრით მნიშვნელოვანია.

  • რას უკავშირდება თქვენი სამომავლო გეგმები?

მინდა განვაგრძო საინტერესო გამოცდილების მიღება და საინტერესო ხალხთან მუშაობა. მინდა გავიგო რა არის ჩემი ძლიერი და სუსტი მხარე. მთავარი გეგმაა მივყვე ამ ყველაფერს და გავიცნო ბევრი საინტერესო ადამიანი, განვითარდე, ბევრი რაღაც ვისწავლო. დავუშვა შეცდომებიც, მაგრამ მთავარია, რომ ერთი და იგივე ორჯერ არ შემეშალოს. ყოველდღე არ ვფიქრობ ამაზე, მაგრამ მთავარ აზრად ჩამომიყალიბდა და ბუნებრივად ამისკენ მივდივარ.

  • რას ნიშნავს თქვენთვის ამ კომპანიაში მუშაობა?

მგონი 2013 წელი იყო, როდესაც Tesla პირველად შემოვიდა საქართველოში. ჩემი კლასელის მამამ იყიდა მანქანის ეს მოდელი. მახსოვს ჩემი ემოციები ამ მანქანასთან მიმართებით, თუ როგორი ჭკვიანი მანქანა იყო. შემდეგ უკვე ილონ მასკზე ძალიან ბევრი რამ შევისწავლე. მანამდე კი მქონდა გაგონილი, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ასეთ საინტერესო სიახლეებს გეგმავდა, რომ მთავარი მისია, რომ დაეხმაროს დედამიწას და დასახლება გააკეთოს მარსზე. ყოველთვის მინდოდა ისეთ ხელმძღვანელთან მუშაობა, რომელსაც არ მდიდრდება იმის გამო, რომ იახტები იყიდოს. კი არის ყველაზე მდიდარი ადამიანი, მაგრამ კაპიტალი ორი მისიისთვის სჭირდება, რასაც შეეჭიდა. ეს ყველაფერი კი მეხმარება იმაში, რომ უფრო მოტივირებული ვიყო.

  • რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება და რას ურჩევთ სხვა ახალგაზრდებს, თქვენი აზრით რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად?

რა თქმა უნდა წარმატებაა, რომ  ამდენს მივაღწიე. მაგრამ ჯერ ვერ ვფიქრობ, რომ წარმატებული ვარ, რადგანაც საერთოდ ყველაფერი წინ არის. მთავარ წარმატებად რაც მიმაჩნია ისაა, რომ ვიპოვო მუშაობის მეთოდი, რომ ნებისმიერ ვითარებაში მშვიდად და გულისხმიერად მოვეკიდო საქმეს ყოველგვარი პანიკის გარეშე. თავისუფლების შეგრძნებას მაძლევს ეს ყველაფერი. კი არის რაღაც პრობლემები, შეიძლება შეცდომაც დავუშვი, მაგრამ ეს არის მოცემულობა და უნდა ვიფიქრო იმაზე, რომ გამოვასწრო. ჩემთვის ამ გარემოს ეფექტი აქვს და ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია წარმატებასთან. რა თქმა უნდა ბევრი სხვადასხვა ფაქტორიც არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ არანაირი სამსახური და შემოსავალი არ მიღირს თუ ეს ჩემთვის პოზიტიურ ემოციასთან არაა კავშირში.

ზოგადად არ მიყვარს რჩევები, რადგან ყველამ თავისი უნდა აღმოაჩინოს, რადგან ყველანი განსხვავებულები ვართ. ჩემი რჩევა ალბათ იქნება ის, რომ ირწმუნონ საკუთარი თავის, რადგან თუ მოინდომებ შეიძლება ყველაფერი ეგრევე არ გამოვიდეს, მაგრამ თუ ძალისხმევას დებ და მიზნისკენ ყოველდღიურად წინ მიდიხარ შანსი არ არის, რომ არ გამოვიდეს.

ჩემთვის ეს ყველაფერი 2022 წლის თებერვალში, რა თქმა უნდა გამართლებაზეცაა. უბრალოდ ახალგაზრდებმა უნდა დაიჯერონ საკუთარი თავის და არ შეეშინდეთ. რამდენ ადამიანს არ აქვს საჭმელი და სახლი დედამიწაზე? ამ ფონზე შენი პრობლემები, რაც გაბრკოლებს იმისთვის რომ შენი პოტენციალი გამოიყენო უფრო უმნიშვნელოდ მოგეჩვენება. ალბათ ახალგაზრდებმა უფრო ნაკლები უნდა ინერვიულონ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები