ბოლო პერიოდში საერთაშორისო გადაზიდვები ტარიფების მეტ-ნაკლები ზრდა სეზონურობიდან არის გამოწვეულის. მიიჩნევს ლოგისტიკური კომპანია SKYLOG-ის მმართველი პარტნიორი გიორგი ზუმბაძე.
როგორც Business Insider Georgia-სთან ზუმბაძემ აღნიშნა, გლობალურ ბაზარზე გადაზიდვებში ზრდა საჰაერო კარგოს მიმართულებით შეიმჩნევა, რაც საახალწლოდ გაზრდილ მოთხოვნას და ასევე პლატფორმა TEMU-ს ტვირთებს უკავშირდება.
„გლობალურად ლოგისტიკას ფასწარმოქმნაში უდიდესი წილი არ უკავია. გააჩნია რა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებით ხდება ტრანსპორტირება. ამ პერიოდს, ზამთარს, ყოველთვის ახასიათებს გადაზიდვის ტარიფების ზრდა. მაგალითად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში Turkish Cargo-მ ტარიფები 35%-ით გააძვირა. თუმცა ფასები გაძვირდა გლობალურად და არა საქართველოს გამო. ამ პერიოდშიც და ზოგადად საჰაერო გადაზიდვებზე არის დიდი მოთხოვნა, რაც TEMU-ს ტვირთებსაც უკავშირდება, რომელმაც მოიცვა მთლიანი საჰაერო გადაზიდვების უდიდესი რესურსი.
რაც შეეხება სახმელეთო გადაზიდვებს, ბოლო 4 თვეა რაღაც პერიოდში პატარა მატებაა, რაღაც პერიოდში კი კლება ფიქსირდება. საუბარია პლუს/მინუს 500 დოლარზე, ანუ 5%-ზე, რაც თავის მხრივ ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარეობს.
მცირედი, 10%-იანი ფასების მატება შეინიშნება საზღვაო გადაზიდვებზე, რაც ასევე სეზონურია. აღნიშნულო მიმართულებით დიდი მოთხოვნა არ იყო, რადგანაც იცით, რომ მიწოდების ვადები არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. თუმცა რა საკვირველია საზღვაო გადაზიდვების ტარიფი დღეს მაინც ყველაზე იაფ ტარიფად მიიჩნევა. ვერ ვიტყვი, რომ რკინიგზაზე გადაზიდვის ტარიფმა მოიმატა მნიშვნელოვნად“, - განმარტავს SKYLOG-ის მმართველი პარტნიორი.
გიორგი ზუმბაძის თქმით, თუ კი საჰაერო გადაზიდვების ტარიფს კომპლექსურად მივუდგებით, SKYLOG-ის მაგალითზე, კომპანიას ჩარტერული რეისებით რა ტვირთიც ჩამოაქვს სტაბილური ტარიფებია.
„ზოგადად ამ პერიოდში სატრანსპორტო ტარიფების ზრდა მაინც სეზონურობასთან არის დაკავშირებული. თუმცა არის ალტერნატიული საშუალებებიც, სადაც ტარიფები სტაბილურია. ზოგადად ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე გასაკვირი არ უნდა იყოს არც ინფლაციური მომენტები და არც ლარის კურსის რყევები. თუმცა, ლარი ისე არ არის გაუფასურებული, რომ ამან რაიმე კატაკლიზმები გამოიწვიოს და ღმერთმა არ ქნას, რომ უარესი გახდეს“, - აცხადებს გიორგი ზუმბაძე.
„მცირედით მოიმატა საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულებამაც. ამ ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასები ადგილობრივი ბაზრის ფასებსაც გადმოეცემა და ინფლაციური მოლოდინების გაუარესების საფრთხეს წარმოშობს“, - აღნიშნულია სებ-ის მიერ დღეს გავრცელებულ პრესრელიზში, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.
უახლესი
4 საათის წინ
რა პრობლემებს აგვარებს მონურალი?4 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა