ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესწავლისა და პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით კვლევას განახორციელებს, რომელსაც ადმინისტრაციის დაკვეთით საქსტატი ჩაატარებს.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, აღნიშნული კვლებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქსტატს 60829 ლარს გადაუხდის.
როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში მათ ერთ-ერთ ამოცანას ქვეყანაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს, რაც არის წინაპირობა სტრატეგიული მიზნის - მაღალმხარჯველი ტურისტული სეგმენტის მოზიდვის.
„პანდემიის შემდეგ სექტორი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა. ერთ-ერთ ასეთ გამოწვევას წარმოადგენს ინდუსტრიაში კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, რაც პირდაპირ აისახება მომსახურების ხარისხზე. გამოწვევის დაძლევის მიზნით, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის, მნიშვნელოვანია ტურიზმის შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესწავლა და პრობლემების იდენტიფიცირება. აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვნად დაგვეხმარება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სწორი ნაბიჯების დაგეგმვაში, როგორც ორგანიზაციის შიდა რესურსით, ასევე შესაბამის პარტნიორ უწყებებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით“, - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელისადმი გაგზავნილ წერილში.
ამდენად, ამ ეტაპზე მიზანშეწონილია განხორციელდეს შესაბამისი კვლევა, რომლის მთავარი ამოცანებია: · ტურიზმის სექტორში დასაქმების სტრუქტურის შესწავლა;
· ტურიზმის სექტორში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთა უნარების შეფასება;
· ტურიზმის სექტორში მოთხოვნის შესწავლა და ვაკანსიების გამოვლენა სექციების/განყოფილებისა და პროფესიული ჯგუფების მიხედვით; · ტურიზმის სექტორში სამუშაოს მაძიებლების უნარების შეფასება;
· ტურიზმის სექტორში ვაკანსიების შევსებასთან დაკავშირებული სირთულეების შესწავლა; · ტურიზმის სექტორში შეთავაზებული ანაზღაურების შესწავლა;
· ტურიზმის სექტორში კადრების მოძიების წყაროების გამოვლენა;
· ტურიზმის სექტორში ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე გაწეული საქმიანობების შესწავლა; · ტურიზმის სექტორში პროფესიული განათლების მქონე ადამიანების დასაქმების, ასევე პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობის ტენდენციების შესწავლა;
· ტურიზმის სექტორში უცხო ქვეყნის მოქალაქეების და პირველი სამუშაოს მაძიებლების დასაქმების შესწავლა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა