ტურიზმის აღდგენის დინამიკა 2023 წლის I კვარტალში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, როდესაც საქართველოს აღდგენის მაჩვენებელმა 96%-ს მიაღწია, მაშინ, როცა მსოფლიოში აღდგენის საშუალო მაჩვენებელი 80%-ს უდრიდა, ევროპაში 90%-ს, ხოლო ცენტრალურ/აღმოსავლეთ ევროპაში 59%-ს.
როგორც PMC Research-ის მიერ მომზადებულ ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული, 2022 წელს საქართველოში უცხოელი ტურისტების რაოდენობის აღდგენის მაჩვენებელი (72%) აღემატებოდა მსოფლიოსა (63%) და ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპის (59%) საშუალო მაჩვენებლებს, თუმცა ჩამორჩებოდა ევროპისას (80%).
რეგიონულ კონტექსტში, თურქეთმა და სომხეთმა უკეთესი შედეგები აჩვენეს უცხოელი ტურისტების ჩამოსვლის თვალსაზრისით, ვიდრე საქართველომ, როგორც 2022 წელს, ასევე 2023 წლის I კვარტალში.
„2022 წელს მსოფლიოში ჯამურად განხორციელებულმა საერთაშორისო ტურისტულმა ვიზიტებმა მიაღწია პანდემიამდელი (2019) რაოდენობის 63%-ს - 900 მილიონ ტურისტს, რაც ორჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. აღდგენა გაგრძელდა 2023 წლის I კვარტალშიც, როდესაც საერთაშორისო მასშტაბით 235 მილიონმა ტურისტმა იმოგზაურა, რაც შეადგენს პანდემიამდელი მაჩვენებლის 80%-ს, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალს 111%-ით აღემატება.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს მოსალოდნელია საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის გაგრძელება, UNWTO-ს მიერ გამოკითხული ექსპერტების უმეტესობას კვლავ მიაჩნია, რომ საერთაშორისო ტურიზმი 2019 წლის დონეს 2024 წლამდე არ დაუბრუნდება. მომავალი მთავარი გამოწვევები მოიცავს ტრანსპორტირებისა და განთავსების ხარჯების გაზრდას მაღალი ინფლაციის გამო, რასაც მოჰყვება რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული არასტაბილურობა.
მსოფლიოს რეგიონებს შორის 2022 წელს ახლო აღმოსავლეთში ტურისტთა რაოდენობა 83%-მდე აღდგა პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით, რასაც მოჰყვა ევროპა (79%) - მსოფლიოს უდიდესი ტურისტული დანიშნულების რეგიონი.
ეს ტენდენცია გაგრძელდა 2023 წლის I კვარტალში, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ტურისტების რაოდენობამ გადააჭარბა (15%- ით), ხოლო ევროპამ თითქმის (10%-ით) მიაღწია პანდემიამდელ რიცხვს. ევროპის ქვერეგიონებს შორის, ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა ჩრდილოეთ ევროპაში (227%), თუმცა აღდგენის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო სამხრეთ/ხმელთაშუა ზღვის ევროპაში (88%).
2022 წელს ცენტრალურმა/აღმოსავლეთ ევროპამ აჩვენა ყველაზე დაბალი წლიური ზრდა (58%) და აღდგენა (59%). 2023 წლის I კვარტალში ეს მდგომარეობა შენარჩუნდა, სამხრეთ/ხმელთაშუა ზღვის ევროპაში ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად აღდგა, ხოლო ცენტრალურ/აღმოსავლეთ ევროპაში აღდგენის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა“, - განმარტავენ PMC Research-ში.
საქართველოში უცხოელი ტურისტების რაოდენობის აღდგენის მაჩვენებელი (72%) აღემატებოდა მსოფლიოსა (63%) და ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპის (59%) საშუალო მაჩვენებლებს, თუმცა ჩამორჩებოდა ევროპისას (80%).
„ვითარება გაუმჯობესდა 2023 წლის I კვარტალში, როდესაც საქართველოს აღდგენის მაჩვენებელმა 96%-ს მიაღწია, მაშინ, როცა მსოფლიოში საშუალო აღდგენის მაჩვენებელი 80%-ს უდრიდა, ევროპაში 90%-ს, ხოლო ცენტრალურ/აღმოსავლეთ ევროპაში - 59%-ს.
გლობალურ საშუალო მაჩვენებლებთან შედარების გარდა, მნიშვნელოვანია საქართველოს ტურიზმის აღდგენის შეფასება, როგორც საერთაშორისო საორიენტაციო ქვეყნებთან შედარებით, ასევე რეგიონულ კონტექსტში.
საერთაშორისო საორიენტაციო ქვეყნებს შორის, 2022 წელს ყოველ მათგანში შესამჩნევი იყო ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი აღდგენა. ალბანეთმა პანდემიამდელ რიცხვს 18%-ით გადააჭარბა. მას მოჰყვა საბერძნეთი და ხორვატია, რომლებმაც მიაღწიეს პანდემიამდელი მაჩვენებლის 89%-ს და 88%-ს. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებს შორის საქართველოში აღდგენის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2023 წლის I კვარტალში საქართველოს მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, რადგან საქართველოში უცხოელი ტურისტების რაოდენობა თითქმის აღდგა 2019 წლის I კვარტლამდე (96%), რაც შედარებით უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე ხორვატიაში დაფიქსირებული (91%).
რეგიონულ კონტექსტში, 2022 წელს აზერბაიჯანში არ შეინიშნება ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი აღდგენა (49%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით). 2022 წელს თურქეთში უცხოელი ტურისტების რაოდენობა (98%) თითქმის აღდგა. აღსანიშნავია, რომ სომხეთში საქართველოზე მაღალი აღდგენა დაფიქსირდა. ანალოგიური ვითარება შენარჩუნდა 2023 წლის I კვარტალშიც: სომხეთმა (24%-ით) და თურქეთმა (9%-ით) გადააჭარბეს პანდემიამდელ მაჩვენებლებს და ლიდერობდნენ რეგიონში, ხოლო აზერბაიჯანში აღდგა პანდემიამდელი მაჩვენებლების მხოლოდ 60%-მდე“, - აცხადებენ PMC Research-ში.
უახლესი