ტურისტული კომპანიები Avianet-ი, NovaTour-ი და PEGAS Touristik Georgia ეგვიპტის მიმართულებით ფრენების პროგრამას ანახლებენ.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია Avianet-ის (ავიაქსელი) დამფუძნებელმა ამირან აბესაძემ განაცხადა, ჩარტერულ ფრენებს ამჯერად ქართული ავიაკომპანია Georgian Wings-ი განახორციელებს და ის 3 მარტიდან კვირაში 1 სიხშირით შესრულდება.
„ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის გამწვავების შემდეგ, მგზავრთა ნაკადის შემცირების გამო ეგვიპტის მიმართულებით ფრენები შეწყდა. თუმცა ახლა Avianet-ის, NovaTour-ისა და PEGAS Touristik Georgia-ს დაკვეთით, ეგვიპტის მიმართულებით ფრენები 3 მარტიდან აღდგება“, - აცხადებს ამირან აბესაძე.
Avianet-ის დამფუძნებლის თქმით, დღეისათვის ეგვიპტის, კერძოდ კი შარმ ელ შეიხოს ტურები საკმაოდ მოთხოვნადი და ბიუჯეტურია.
„ჯერჯერობით ეგვიპტის ტურებზე მოთხოვნა მაღალია. დღეს შარმ ელ შეიხის ტურები უფრო ბიუჯეტურია ვიდრე თურქეთის ან აია ნაპას ტურები და შესაბამისად უფრო მოთხოვნადია. უბრალოდ ავიაკომპანიის ჩარტერული ფრენების განრიგი ისეა დალაგებული, რომ თუ ადრე ტური 6 ღამეს მოიცავდა, ახლა უკვე 7 ღამეს მოიცავს. ადრე ეგვიპტიდან ფრენა გვიან ღამე იყო, თბილისიდან უკვე გამთენიისას, ხოლო ახლა ჩადიხარ შუადღით და იქიდანაც შუადღით მოდიხარ“, - აღნიშნა ამირან აბესაძემ.
მისივე განმარტებით, ტურების ფასი შარშანდელის იდენტურია და შარმ ელ შეიხის ტურის ღირებულება დღეს 1500 ლარიდან იწყება.
ღირებულებაში შედის: პირდაპირი ავიაბილეთები, 7 კგ ხელბარგი, 20 კგ ჩასაბარებელი ბარგი, სასტუმრო; კვება: All inclusive, სამოგზაურო დაზღვევა, ტრანსფერი.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ეგვიპტესა და საქართველოს შორის ფრენებს ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo ახორციელებდა, თუმცა წელს აღნიშნულ მიმართულებაზე უკვე ქართული ავიაკომპანია იფრენს.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა