დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წლის ბოლომდე სებ-მა შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-მდე შეამციროს - საბანკო ასოციაცია

წლის ბოლომდე სებ-მა შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-მდე შეამციროს - საბანკო ასოციაცია

12-05-2023 00:40:27

 

 

 

ეროვნულმა ბანკის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით საბანკო ასოციაცია ეხმაურება.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე Business Insider Georgia - თან ამბობს, რომ ეს ღონისძიება ეროვნულ ვალუტაში დაფინანსების ზრდას, საპროცენტო განაკვეთების კლებასა და ეკონომიკური ზრდის ტრენდის შენარჩუნებას ხელს შეუწყობს, რაც პირდაპირ კავშირშია მონეტარულ პოლიტიკასთან.

„ზაფხულის პერიოდს არ დაელოდა ეროვნული ბანკი და ადრეულ ეტაპზევე დაიწყო რეფინანსირების განაკვეთის შემცირება. ვიმედოვნებ, უფრო მეტად გააქტიურებს ლარში დაფინანსების მიმართულებას, რადგან უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთების ზრდა გრძელდება.

რეალურად ამან ერთი მხრივ, ლარიზაციის პროცესს უფრო მეტად შეიძლება შეუწყოს ხელი, ასევე ზრდის ტემპის გააქტიურებას ლარის ნაწილში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდება, ამით დიდი ტვირთი მოეხსნება მომხმარებლებს გადასახდელების ნაწილში.

გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებთან მონეტარული პოლიტიკა პირდაპირ კორელაციაშია. იმედია, ინფლაციის კლებას არ შეაფერხებს, მით უმეტეს, რომ ამ მაჩვენებელმა საკმაოდ მნიშვნელოვანი და მკვეთრი შემცირება განიცადა ბოლო პერიოდში და ეს ტენდენციაც გაგრძელდება", - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

როგორც საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, მონეტარული პოლიტიკის შერბილების პროცესი დინამიკურად გაგრძელდება და წლის ბოლომდე 9%-ს მიაღწევს, რაზეც სებ-ს წინასწარ აქვს გაცხადებული.

„ეროვნული ბანკის გასული წლის პროგნოზი იყო წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთის 9%-მდე შემცირება. ინფლაციის მაჩვენებელი დღესდღეობით ამის საშუალებას იძლევა. ვფიქრობ, რომ სებ-ი ამ პოლიტიკას გააგრძელებს, რეალურად საბაზისოდ ჩვენ ვუყურებთ 9%-ს, რაც სებს- ჰქონდა გაცხადებული.

ვიმედოვნებ, რომ მეტი კლების შესაძლებლობაც გაჩნდება. ამასთან, სებ-მა 0,25-ის ნაცვლად პირდაპირ 0,50%-ით შეამცირა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რასაც სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნევ", - დასძენს ალექსანდრე ძნელაძე Business Insider Georgia - თან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 10 მაისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.50 პროცენტს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 21 ივნისს ჩატარდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები