რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები არის არქაული პრაქტიკა და ევროპაშიც და ამერიკაშიც ბანკთაშორისი სესხების განაკვეთზეა მიბმული, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
როგორც თურნავამ განაცხადა, TIBR-ის განაკვეთი ფეხდაფეხ მიყვება რეფინანსირების განაკვეთს, მცირდება რეფინანსირების განაკვეთი, ასევე მცირდება TIB-ის ინდექსიც.
„რეფინანსირების განაკვეთის შემცირება გამოიწვევს საქართველოში დაახლოებით 200 000 ცვლადგანაკვეთიანი სესხის საპროცენტო განაკვეთის გარდაუვალ შემცირებას. არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის რეფინანსირებაზე მიბმული, თუ TIBR-ის ინდექსზე მიბმული.
TIBR-ის განაკვეთი ფეხდაფეხ მიჰყვება რეფინანსირების განაკვეთს. ანუ, მცირდება რეფინანსირების განაკვეთი, ასევე ადეკვატურად მცირდება TIBR-ის ინდექსი.
TIBR-ის ინდექსზე გადასვლა დაწყებულია ზოგადად 2008 წლიდან, თუმცა 2022 წელს ეროვნულმა ბანკმაც მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და მას შემდეგ ეს ეტაპობრივად მიმდინარეობს. მათ შორის, ჩვენ ახლახან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროცესი უფრო მშვიდად წარიმართოს და კითხვის შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის შეძლონ უფრო მეტი ახსნა, რას ნიშნავს TIBR-ი და რით განსხვავდება ის რეფინანსირების განაკვეთისგან.
TIBR-ი მთლიანად გამომდინარეობს რეფინანსირების განაკვეთიდან. რეფინანსირების განაკვეთი არის რეფინანსირების სესხების ფასი, რომელსაც ეროვნული ბანკი, საჭიროების შემთხვევაში კომერციულ ბანკებზე გასცემს. შემდეგ უკვე TIBR-ი ყალიბდება ბაზარზე და ამ რესურსის ფასი, ეს არის ჩვენი რეფინანსირების განაკვეთი, ამიტომ არ შეიძლება, აქ იყოს რაღაც აცდენა. შესაძლებელია, რაღაც პერიოდში TIBR-ი იყოს ჩვენს განაკვეთზე პროცენტის მეასედით დაბალი ან მაღალი, მაგრამ მთლიანობაში, საშუალოვადიან პერიოდში ეს განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთის იდენტური მაჩვენებელი იქნება.
პრინციპში, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები არის არქაული პრაქტიკა და ევროპაშიც და ამერიკაშიც ბანკთაშორისი სესხების განაკვეთზეა მიბმული. მაგალითად, LIBOR, SOFR-ი და ჩვენც თანდათან აქეთკენ ვისწრაფვით. ეს არამც და არამც არ გამოიწვევს რაიმე დისკომფორტს მსესხებლისთვის, ან განაკვეთის აცდენას ჩვენი რეფინანსირების განაკვეთისგან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, როდესაც არის არის საუბარი იმაზე, რომ კეთდება რეფინანსირების განაკვეთის შემცირება და მონეტარული პოლიტიკის შერბილება, ეს ნიშნავს, რომ ლარის სესხები აუცილებლად გაიაფდება.
უახლესი