TAV Georgia თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ინვესტირებას განაგრძობს. კომპანიის 2025 წლის საინვესტიციო გეგმებიც ინფრასტრუქტურულ განახლებას და სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესებას უკავშირდება. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე ამბობს, კომპანიამ 2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 7,3 მლნ დოლარის, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2 მლნ დოლარის ინვესტირება მოახდინა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მოჭარბებულ ტრაფიკს დავახვედროთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა 2024 წელს ჩვენ გავაფართოვეთ გაფრენის ტერმინალი, ვაფართოებთ მოფრენის ტერმინალს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 6 მლნ მგზავრს უპრობლემოდ მოემსახურება. ვაზიანის აეროპორტია დაანონსებული და იცით, რომ ვიდრე ვაზიანის აეროპორტი გაიხსნება და აშენდება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ღირსებულად უნდა მოემსახუროს მგზავრს, ტურისტს, ყველა შემომსვლელს და გამსვლელს ქვეყნიდან. 2024 წელს ჩვენ განვახორციელეთ 7,3 მლნ დოლარის ინვესტიცია თბილისში, ხოლო 2 მლნ დოლარის ინვესტიცია ბათუმში. რა თქმა უნდა ინვესტირებას ჩვენ ყოველწლიურად ვახდენთ და 2025 წლისთვისაც გაქვს ძალიან ბევრი ახალი პროექტი, იმ ფარგლებში რისი ინფრასტრუქტურაც გაგვაჩნია“, - აცხადებს ზაქარაძე.
აღსანიშნავია, რომ TAV Georgia თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მართვაზე სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება, თუმცა კომპანიის გენერალური მენეჯერი აცხადებს, რომ TAV Georgia-ს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ აეროპორტების ინფრასტრუქტურა დარჩეს გამართული.
„ჩვენ ვხედავთ შედეგს და ამ შედეგზე შემიძლია ვისაუბრო. ჩვენ 2027 წლის თებერვლამდე გვაქვს კონტრაქტი თბილისში, ხოლო 2027 წლის აგვისტომდე ბათუმში. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აქ საუბარია კომპანიაზე და ლოგოზე, თორემ გუნდი რჩება. შესაბამისად ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ინფრასტრუქტურა და თუნდაც, რომ გავიდეთ ორივე აეროპორტი გამართული უნდა დავტოვოთ, რათა ქვეყანას პრობლემა არ შეექნას. აეროპორტები არის ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები: ბათუმი არის ტურისტული ცენტრი, ხოლო თბილისი არის დედაქალაქი და შესაბამისად სანამ ვაზიანის აეროპორტი გაიხსნება ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ იმ ტრაფიკის გატარება შეძლოს ორივე აეროპორტმა, რომელიც იქნება. თუმცა ამ შემთხვევაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა“, - განმარტავს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი.
უახლესი
11 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე13 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა13 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს