შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შს სამინისტრო ავრცელებს.
„დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები გათავისუფლდნენ წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში 7-8 მარტს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით გრძელდება.
ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 7-8 მარტს აქციებზე 133 ადამიანი დააკავეს.
ორ დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, დღეს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.
შეგახსენებთ, პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.
კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქციები გაიმართა.
უახლესი