დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მატარებლის მემანქანეთა მართვის მოწმობების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია დასრულდა

მატარებლის მემანქანეთა მართვის მოწმობების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია დასრულდა

11-04-2025 14:40:00

მატარებლის მემანქანეთა მართვის მოწმობების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია დასრულდა. სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში 900-მდე მოქმედი მემანქანის განაცხადი დარეგისტრირდა. ამჟამად  განაცხადების განხილვისა და დამუშავების პროცესი  მიმდინარეობს. 
რეფორმამდე მატარებლის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის სახელმწიფო სისტემა არ ფუნქციონირებდა, შესაბამისად, სარკინიგზო ტრანსპორტის სექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ეს საკითხი სახელმწიფო რეგულირებას დაექვემდებარა. შედეგად, მხოლოდ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს რეესტრში რეგისტრირებული მართვის მოწმობა და სერტიფიკატი არის ვალიდური. 

„საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს სარკინიგზო დარგის რეფორმის მორიგი ფაზა, რომელიც გულისხმობს სარკინიგზო ტრანსპორტზე უსაფრთხოების დონის უფრო მეტად ამაღლებას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რკინიგზას შეთავსებული აქვს ბევრი ისეთი ფუნქცია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მიერ არის განსახორციელებელი და სწორედ მემანქანეების მოწმობების გაცემა ერთ-ერთი ასეთი ფუნქციაა. ეტაპობრივად რეფორმის ფარგლებში სწორედ ასეთი ფუნქციებისგან გამოთავისუფლდება საქართველოს რკინიგზა და იგი წმინდად ბიზნესზე ორიენტირებულ საწარმოდ გადაიქცევა“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი. 
რეფორმა შეეხო ყველა მემანქანესა და მემანქანის თანაშემწეს, რომელიც 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა სარკინიგზო საწარმოებში. ისინი სააგენტოსგან ახალ მართვის მოწმობებს უსასყიდლოდ, 2025 წლის მაისიდან მიიღებენ.  
მატარებლის მემანქანეთა მართვის მოწმობების რეგისტრაციისა და გაცემის პროცესი ასოცირების შეთანხმებიდან მომდინარეობს და ევროკავშირის სარკინიგზო რეგულაციებსა და დირექტივებს სრულად შეესაბამება. 
სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში მიმდინარე რეფორმის მთავარი მიზანია საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის, როგორც ყველაზე უსაფრთხო, მწვანე და მდგრადი ტრანსპორტის დარგის განვითარება. აღნიშნული პროცედურის დაცვა მნიშვნელოვანია მატარებლის მართვისას უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად. რეფორმის შედეგად, რეგულირების სფეროში მოექცა დარგში მოქმედი კომპანიების მხრიდან სარკინიგზო უსაფრთხოების მართვა, სარკინიგზო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა, ასევე ინერგება სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ახალი წესები. 
სარკინიგზო ტრანსპორტს განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს ეკონომიკის წინსვლასა და სატრანსპორტო საერთაშორისო დერეფნების განვითარებაში. ბოლო წლებში აქტიურად იზრდება საქართველოს რკინიგზის დატვირთვა და ამის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ 2024 წლის სტატისტიკა, რომლის მიხედვით, რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 12,2 მლნ ტონას შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2,6 პროცენტით მეტია.  
სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის  რეფორმირებისა და რესტრუქტურიზაციის შედეგად, საქართველოში 150 წლიანი ისტორიის მქონე  დარგი გახდება უფრო კონკურენტუნარიანი და მნიშვნელოვნად  გაიზრდება მისი კომერციული ინტერესების სრულად რეალიზების, ასევე  უსაფრთხოების მართვის შესაძლებლობები.

„სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელდა მატარებლის მემანქანეების სახელმწიფო რეგისტრაციის სისტემის შექმნა. ამ მიზნით გასულ წელს დამტკიცდა ახალი კანონმდებლობა, რომელიც შემუშავებული იქნა სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ და მიმდინარე წლიდან უკვე განხორციელდა შესაბამისი მატარებლის მემანქანეების რეგისტრაცია. სწორედ ამ მიზნით, სააგენტოს მიერ შეიქმნა ელექტრონული საინფორმაციო ბაზა და ასევე რეესტრის წარმოების წესი და ასევე მოეწყო მემანქანეების მომსახურებისთვის საჭირო სივრცე. გასულ თვეს, მარტის თვეში განხორციელდა მატარებლის მემანქანეების მიღება. სულ მიღებული იქნა 881 განაცხადი და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ განაცხადების განხილვა. ხოლო 1 მაისიდან უკვე დაიწყება მატარებლის მემანქანეების მართვის მოწმობების გაცემის პროცესი. აღსანიშნავია, რომ მატარებლის მემანქანეების როლი ერთ-ერთი საკვანძოა სარკინიგზო ტრანსპორტის სრულყოფილად და უსაფრთხოდ ფუნქციონირებისთვის. ეს პროფესია არის დაფუძნებული ცოდნაზე და გამოცდილებაზე და მათ ყოველდღიურ პროცესში უწევთ გარკვეულ სირთულეებთან გამკლავება, რაც საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მეთვალყურეობას იმისათვის, რათა უსაფრთხოების დონე იქნეს შენარჩუნებული და ასევე მეორე მხრივ, რა თქმა უნდა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროფესიას ხელი შეეწყოს კიდევ უფრო განვითარდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი სისტემა, რომელიც შეიქმნა მატარებლის მემანქანეების რეგისტრაციისთვის და რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო“, - განმარტავს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ერეკლე კეჟერაშვილი.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები