ტურიზმის სექტორში, განსაკუთრებით გიდების პოზიციაზე მომუშავე უცხოელი კადრების საქმიანობას ინდუსტრიის წარმომადგენელთა ნაწილი ნეგატიურად აფასებს და ტურიზმის შესახებ კანონპროექტის გადახედვას ითხოვს.
ადგილობრივ ბაზარზე უცხოელი გიდების შემოსვლას ,,ინვენიო თრეველის“ დამფუძნებელი და დირექტორი ნატა კლიმიაშვილი დიდ საფრთხედ მიიჩნევს და აცხადებს, რომ უცხოელი გიდები ქვეყნის ისტორიას ტურისტებს ფაქტების დამახინჯებით აცნობენ, რაც საქართველოს იდენტობას დიდ საფრთხეს უქმნის.
როგორც ნატა კლიმიაშვილი business Insider Georgia- თან აცხადებს, აუცილებელია გიდებთან დაკავშირებით ზომების გამკაცრება და გარკვეული კრიტერიუმის შემუშავება, რაც საქართველოში მომუშავე გიდებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს.
„დღეს, ყველას შეუძლია გახდეს ტუროპერატორი, ტურისტული გიდი და გამყოლია. ამ დროს გიდი არის გამორჩეული, ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროფესიაა.
ჩემი ხედვით, გიდი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ქვეყანაში სულ მცირე ბოლო 5 წელი უნდა ცხოვრობდეს, ფლობდეს სახელმწიფო( ქართულ ენას) C1 დონეზე; გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური კურსი; უნდა იყოს რეგისტრირებული და იხდიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადს; ეს აუცილებელი ჩამონათვალია, რაც ხელს შეუწყობს ჩვენ ქვეყანაში პროფესიონალი გიდების საქმიანობას და საქართველოს, როგორც დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნის პოპულარიზაციას და მისი სწორი იმიჯის შექმნას“, - აცხადებს ნატა კლიმიაშვილი.
მისი თქმით. პრობლემა პანდემიამდე გაჩნდა, მაგრამ განსაკუთრებით გამძაფრდა ბოლო წლინახევრის განმავლობაში.
„უცხოელი გიდები ჩვენი ქვეყნის ისტორიას ხშირ შემთხვევაში არასწორად ჰყვებიან, რაც საქართველოს იმიჯს აზიანებს. ზოგი ამას ამას შეგნებულად აკეთებს, ზოგს უცოდინარობით მოსდის. სფეროს სჭირდება მოწესრიგება. სამწუხაროდ, უცხოელ გიდებს აქვთ შემტევი პოლიტიკა, რაც შეიძლება სწრაფად დაიპყრონ ბაზარი, ჩვენი დუმილი და უმოქმედობა კი მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს წყალს“, - აცხადებს ნატა კლიმიაშვილი.
„ინვენიო თრეველის“ დამფუძნებელი განიხილავს თურქეთის მაგალითს და ამბობს, რომ სავალდებულოა გიდი თურქეთის მოქალაქე იყოს და ფლობდეს სახელმწიფო ენას. (გამონაკლისია- იშვიათი ენის მცოდნე უცხოელი, რომელიც მუშაობს კონტრაქტით, გადის სასწავლო კურსს და უფლება აქვს მხოლოდ კონტრაქტორთან მუშაობის) ამასთან, უნდა შეეძლოს პროფესიული უნარ-ჩვევების დადასტურება.
მისივე თქმით, თურქეთში უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდად ვერ იმუშავებს.
რაც შეეხება ამერიკულ კანონს, კლიმიაშვილის თქმით, გიდის ფუნქციის შესასრულებლად სავალდებულოა აშშ-ის მოქალაქეობა, სახელმწიფო ენის ცოდნა, პროფესიული უნარ-ჩვევების დამადასტურებელი საბუთი. ყველა შტატს თავისი კანონი აქვს, ერთში შტატში მიღებული საბუთით სხვა შტატში მუშაობა არ არის ნებადართული.
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა.
მათი მოთხოვნა უცხოელი გიდების საქმიანობას ეხება.
კერძოდ, სექტორი ითხოვს, გადაიხედოს კანონპროექტი, რათა საქართველოში მომუშავე უცხოელი გიდებისთვის გარკვეული კრიტერიუმები განისაზღვროს.
კერძოდ, მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება და ასევე სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულო გახდეს.
უახლესი
9 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება